ირაკლი ზარქუა - ჩემთვის, რბილად რომ ვთქვა, გაუგებარია საელჩოების განცხადება, უფრო მეტსაც გეტყვით, რეალობას არის აცდენილი

ჩემთვის, რბილად რომ ვთქვა, გაუგებარია საელჩოების განცხადება, უფრო მეტსაც გეტყვით, რეალობას არის აცდენილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გენპროკურორის არჩევის წესის ამოღებასთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

ზარქუას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებებზე, რომელიც გუშინ იქნა მიღებული სრული კონსენსუსი შედგა.

"გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან გუშინ მოხდა კონსენსუსი საკონსტიტუციო ცვლილებებზე და საკმაოდ მაღალი კვორუმით მხარდაჭერა, ყველა პარტიამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს. ამის ფონზე, ჩემთვის რბილად რომ ვთქვა, გაუგებარია საელჩოების განცხადება, უფრო მეტსაც გეტყვით, რეალობას არის აცდენილი და ეს უნდა ითქვას პირდაპირ. როცა მთელი რიგი პუნქტებია, სადაც საუბარია ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევაზე, შემდეგი ორი არჩევნების სრულად პროპორციულად ჩატარებაზე, ფრაქციების 4 ადამიანით შექმნის შესაძლებლობაზე და ამის შემდეგ როცა აქცენტირება კეთდება გენპროკურორის არჩევაზე კვალიფიციური უმრავლესობით, რაც უნდა შემდგარიყო 2026 წელს, ეს მგონია, რომ აცდენილია, შეიძლება ვიღაცას ეწყინოს და ვიღაცას არა. თუ მოლოდინი აქვთ საელჩოებს, რომ 2026 წელსაც ჩვენ ვიქნებით, მაშინ კი ბატონო, ჩვენც ასე გვჯერა და გვწამს, მაგრამ მაინც მგონია უსაფუძვლო იყო განცხადება, როცა ყველა პარტიის მხრიდან იყო კონსენსუსი,"- განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და აშშ-ს საელჩომ.

„ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა", - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო