ჩვენ განვიხილეთ ის, თუ როგორ შეიძლება საქართველო ჩვენი ქვეყნის პარტნიორი იყოს. გვსურს, საქართველო ამერიკის მსგავსი მსოფლიოს ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა გახდეს , - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენმა ალექს მუნმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კონგრესმენის თქმით, ისინი ასევე მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ნატო-ს წევრი.
„ჩვენ აქ ჩამოვედით ჩვენს ქართველ მეგობრებთან შესახვედრად. ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში და მოუთმენლად ველი კიდევ ჩამოსვლას. ჩვენ აქ ჩამოვედით, როგორც საქართველო-აშშ-ის მეგობრობის ასოციაციის სტუმრები, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მოხარული ვარ, რომ დღეს აშშ-ის კონგრესის შესაბამისმა კომიტეტმა მიიღო ოსტინ სკოტის შესწორება, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავს, ისევე როგორც „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს და გამოვხატავთ საქართველოს მიმართ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის ფონზე. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ნატოს წევრი.
ჩვენ გუშინ შეხვედრა გვქონდა ელჩთან, მოკლედ განვიხილეთ ფინანსური თანამშრომლობის საკითხი და აქ ოფისის ქონის შესაძლებლობა, იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს შეერთებული შტატების მიერ ამ ქვეყანაში მეტი ინვესტიციის განხორციელებას და აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ვიცით, რომ საქართველო დგამს ნაბიჯებს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან. შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ თქვენი ტერიტორიების 20 % რუსეთის მიერაა ოკუპირებული“, - აღნიშნა კონგრესმენმა.
კითხვაზე, რას შეფასებას გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელებაზე უარი თქვა და განიხილეს თუ არა აღნიშნული საკითხი, კონგრესმენმა უპასუხა, რომ შეხვედრებზე განიხილეს ის, თუ როგორ შეუძლია საქართველოს აშშ-ის პარტნიორი ქვეყანა იყოს.
“ჩვენ განვიხილეთ ის, თუ როგორ შეიძლება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის პარტნიორი იყოს. ჩვენ გვსურს საქართველო ამერიკის მსგავსი მსოფლიოს ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა გახდეს. ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ თქვენი მეგობრები და მხარდამჭერები ვიყოთ, რაც არ უნდა მოხდეს თქვენს მომავალში,“- აღნიშნა კონგრესმენმა.