შალვა პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2%-იან ბარიერთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში არსებული ჩანაწერი შეიცვალოს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2%-იან ბარიერთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში არსებული ჩანაწერი შეიცვალოს და ამბობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

როგორც პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ამ შემთხვევაში 2 და 3%-იან ბარიერს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის.

„ჩვენი დამოკიდებულება ამ ცვლილების მიმართ არის ჩვენი პოლიტიკური ნება, რომ ეს ცვლილებები განხორცეილდეს. ჩვენი პოლიტიკური ნება გამოვხატეთ პირველი მოსმენის შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება პრინციპებს. ჩვენ პრინციპულად შევთანხმდით, რომ 5%-იანი ბარიერი, რომელიც 2024 წლისთვის წესია, შესაძლოა იყოს მაღალი, მათ შორის იმ გამოცდილებით, რაც ამ არჩევნებზე გვქონდა. ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა პარტიებმა ვერ შეძლონ 2024 წლამდე ისე მოძლიერება, რომ რამდენიმე პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი. ამიტომ, როგორც დროებითი ზომა, დაბალი საარჩევნო ბარიერი, ვფიქრობთ, რომ შესაძლოა კარგი იყო. რამდენი უნდა იყოს დაბალი ბარიერი, ამაზე სხვადასხვა მსჯელობაა. პრაქტიკას თუ გადავხედავთ ევროპაში, როგორც წესი, არის 3% ან 5%. 3%-იანის შემთხვევაში იქნებოდა 6 პარტია, დავფიქრდეთ, არის თუ არა ეს საკმარისი. 2%-იანის შემთხვევაში იქნებოდა 7 და მხოლოდ ერთი პარტია დაემატებოდა, 2 და 3%-ს შორის განსხვავება შეიძლება ამ კუთხით მნიშვნელოვანი არ იყოს. 3% ზრდის პარტიების სპექტრს. ამ საკითხებზე მსჯელობაა საჭირო.

თუ 2%-ზე ვსაუბრობთ შეიძლება ის იყოს არგუმენტი, რომ კონკრეტულ პარტიებზე იყოს მორგებული. მაგალითად „გირჩი“ ამბობს, რომ თუ 2.9% ავიღე, რატომ დავუჭირო მხარი 3%-იან ბარიერს, თავისზე მორგებულად ფიქრობენ და არა იმაზე, ზოგადად რა ჯობია რომ იყოს.

პრინციპული სხვაობა 2-3%-ს შორის არაა. ჩვენ შევთანხმდით პრინციპზე, რომ იყოს დაბალი ბარიერი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესზე და კითხვაზე, ხომ არაა მოსალოდნელი, რომ დაბრუნდეს ძველი წესი, რაც თავმჯდომარის უბრალო უმრავლესობით არჩევას გულისხმობს, პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი სამსჯელოა.

„ფაქტმა გვაჩვენა, რომ მონდომებაც კი არ იყო ჩვენი ოპონენტების მხრიდან და მათ პირდაპირ დამღა დაასვეს კანდიდატებს. თქვეს, რომ ისინი საჯარო მოხელეები არიან და ამიტომ არიან მიუღებლები. არც შემოვიდნენ დისკუსიაში, რომ რას უწუნებენ კვალიფიკაციის კუთხით. პირიქით, ამბობდნენ, რომ არაფერს უწუნებენ, კარგი ადამიანები არიან. ყველას უცხადებენ უნდობლობას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სახელმწიფო სამსახურში არიან. ამან გვაჩვენა, რომ არ არის გამართული სისტემა. პარადოქსი ისაა, რომ უკვე ერთ თვეში უნდა დავიწყოთ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცედურა, ვინაიდან, ხანგრძლივი პროცედურაა, თუ ვერ შევთანხმდით. ამიტომ რაღაც მომენტში, მგონი, ყველა დავინახავთ, რომ აბსურდია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს