ანა ნაცვლიშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე - "ქართული ოცნება" ხალხს ღიად ეუბნება - “ნებისმიერი პირობა, რომელსაც დავდებთ, 2 წუთში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეიძლება უკან წავიღოთ"

"ქართული ოცნება" ქართველ ხალხს ღიად ეუბნება - “ნებისმიერი პირობა, რომელსაც ჩვენ დავდებთ, 2 წუთში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეიძლება უკან წავიღოთ" - "ოცნების" ადგილას უფრო ფრთხილად ვიქნებოდი წინასაარჩევნოდ საკუთარი სახის ჩვენებისგან, - ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული 2- პროცენტიანი ბარიერის საკითხი, შესაძლოა გადაიხედოს.

ნაცვლიშვილის თქმით, ამ გზავნილის მთავარი ადრესატი არა ოპოზიცია, არამედ ქართველი ხალხია.

"მათ მიერვე ინიცირებულ პროექტში "ოცნების" მხრიდან მუდმივად ცვლილებების შეტანა, თავისივე პოზიციის გადახედვა, მერყეობა და თემებით სპეკულირება და ვაჭრობა ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის თავად ამომრჩევლისთვის. როცა "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ დაპირებებს გასცემს, ყველა ამომრჩეველმა უნდა გაიხსენოს მის მიერვე დადებული საჯარო პოლიტიკური პირობები, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით დაარღვია. ამიტომ ეს გზავნილი არ არის ოპოზიციისთვის და არ არის მისი მთავარი ადრესატი ოპოზიცია, არამედ მთავარი ადრესატია ქართველი ხალხი, რომელსაც ღიად ეუბნება “ქართული ოცნება” - ნებისმიერი პირობა, რომელსაც ჩვენ დავდებთ, 2 წუთში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეიძლება უკან წავიღოთ. "ქართული ოცნების" ადგილას უფრო ფრთხილად ვიქნებოდი, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ, საკუთარი სახის ჩვენებისგან. ეს არის ძალა, რომელიც მუდმივად ღალატობს საკუთარ სიტყვას და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს. ამიტომ ოპოზიციას აქვს ის ბერკეტი, რაც აქვს საქართველოს მოქალაქეებს 2 ოქტომბერს, რომ ამ გადამგდებ, მატყუარა, სიტყვის უკან წამღებ პოლიტიკურ ძალას უთხრას, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს პატიოსან, საქმის გამკეთებელ და საკუთარი სიტყვის ერთგულ პოლიტიკურ ძალებს ხელისუფლების სათავეში და არჩევანიც არის მრავალფეროვანი ოპოზიციაში,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისათვის, "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში", შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 2 და 3%-იან ბარიერს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის და არსებული ჩანაწერი შესაძლოა შეიცვალოს.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მომდევნო ორი არჩევნებისთვის 2 პროცენტიან ბარიერს და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ასევე ფრაქციების შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის 4- მდე შემცირებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. პროექტის თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო ასევე გენპროკურორის არჩევის წესიც, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პროექტიდან ამოიღო და კენჭისყრაზე დოკუმენტი ამ პუნქტის გარეშე გაიტანა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა