მიხეილ სარჯველაძე - არავის აქვს უფლება ისაუბროს, რომ ბარიერი დარჩება უცვლელი - დისკუსია უნდა წარიმართოს და იქ გაირკვეს

ბარიერთან დაკავშირებული საკითხი არ არის სიურპრიზი - საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" გაკეთებულ განცხადებას 2 პროცენტიანი ბარიერის შესაძლო შეცვლის შესახებ.

მისი თქმით, დიდი ალბათობაა დარჩეს 2 პროცენტი, მაგრამ არ არის გამორიცხული არც 3 პროცენტით შეცვლა. სარჯველაძე აზუსტებს, რომ 5 პროცენტი არ დარჩება, რადგან კანონპროექტის პრინციპების დონეზე პარლამენტი პირველი მოსმენის დროს შეთანხმდა და ბარიერი აუცილებლად შემცირდება.

„გარდამავალ პერიოდში დაბალი ბარიერი იყო შეთანხმებული, როგორც პრინციპული შეთანხმება პირველი მოსმენის დროს, რაც შეეხება მეორე მოსმენის ეტაპს, არავის აქვს უფლება ისაუბროს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დარჩება უცვლელი, ეს იქნებოდა საკანონმდებლო პროცესის უპატივცემულობა. საკანონმდებლო პროცესი ნიშნავს იმას, რომ დისკუსია უნდა წარიმართოს და იქ გაირკვეს, რა იქნება ყველაზე ოპტიმალური, სწორი და რელევანტური გადაწყვეტილება კონკრეტული დროის მონაკვეთში, ამაზეა საუბარი. ეს არ არის არავითარ შემთხვევაში სიურპრიზი. პირდაპირ ითქვა წინა განხილვების დროსაც, არის სხვადასხვა მოსაზრება. საუბარი იყო ბუნებრივი ბარიერის შემოღებაზე, იყო საუბრები, რომ ეს შეიძლება იყოს 3 პროცენტი, იყო სხვა მოსაზრებებიც, ამაზე უნდა წარიმართოს დისკუსია, წინასწარ დისკუსიის შედეგი როგორ შეიძლება დავწეროთ და შემდეგ როლი ვითამაშოთ, რომ დისკუსია მიმდინარეობს? - ეს არასწორია,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში", შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 2 და 3%-იან ბარიერს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის და არსებული ჩანაწერი შესაძლოა შეიცვალოს. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მომდევნო ორი არჩევნებისთვის 2 პროცენტიან ბარიერს და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ასევე ფრაქციების შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის 4- მდე შემცირებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. პროექტის თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო ასევე გენპროკურორის არჩევის წესიც, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პროექტიდან ამოიღო და კენჭისყრაზე დოკუმენტი ამ პუნქტის გარეშე გაიტანა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო