თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პირველად დოზებზე მიმართვიანობა შემცირებულია და კარგი იქნება თუ ბიზნეს სექტორის მხრიდან წამახალისებელი სტიმული იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პირველად დოზებზე მიმართვიანობა შემცირებულია და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო კამპანიის გააქტიურება, ასევე წამახალისებელი ღონისძიებები. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის რაოდენობამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაიკლოს და კარგი იქნება, თუ ვაქცინირებულებს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც წაახალისებენ.

„პირველ რიგში, ისევ და ისევ არის საგანმანათლებლო კამპანია, რომ ვაქცინაციის სარგებლის შესახებ ყველამ ბევრი ვისაუბროთ. დამატებითი სტიმული მნიშვნელოვანია და როგორც იცით, იგეგმება ლატარიის გათამაშების დაწყება ვაქცინირებული პირებისთვის მომდევნო კვირიდან. ვფიქრობთ, გარკვეულწილად დადებითი სტიმული ესეც იქნება მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის. პირველად დოზებზე მიმართვიანობა შემცირებულია, თუნდაც გუშინდელთან შედარებით, გუშინწინ იყო 27 ათასი აცრა, გუშინდელი მონაცემები არის 24 ათასი. ვაქცინაციის რაოდენობა არცერთ შემთხვევაში კლებადი არ უნდა იყოს. ჩვენ დღეს ისეთ პირობებში ვიმყოფებით, რომ აუცილებლად გვჭირდება მხოლოდ მატების ტენდენცია და ის, რომ ავიდეთ 35-40 ათას აცრამდე. ვნახოთ დამატებითი ღონისძიებები რამდენად ეფექტური აღმოჩნდება. თუ დამატებით დაგვჭირდება მობილიზება, უნდა ჩავერთოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია საყოველთაო მობილიზება და ყველას თანაბარი ჩართულობა, სამოქალო სექტორის, ბიზნეს სექტორის. ბიზნეს სექტორის მხრიდანაც კარგი იქნება, თუ წამახალისებელი სტიმული წამოვა. ვფიქრობ, ესეც გააქტიურებს ვაქცინაციაში მოზიდის მაჩვენებელს“,-განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ამჟამად 13 ავტობუსი მოძრაობს თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში, სადაც მოსახლეობას ცრიან.

„ყველაზე დაბალი დატვირთვა აქვს მაგალითად, საბურთალოში მოძრავ ავტობუსს, რაც გასაკვირი არც არის, რადგან საბურთალოზე ძალიან ბევრი ამცრელი დაწესებულებაა. ამდენად, ასეთი ავტობუსი გადანაცვლდება სხვა მეტად დატვირთულ ლოკაციებზე, სხვა ადგილებში, სადაც ავტობუსები მოძრაობენ, დღის განმავლობაში აცრების რაოდენობა მერყეობს სულ მცირე 51-დან 95-მდე. იმ რეგიონებში, სადაც ნაკლებია ამცრელი ცენტრები, მოსახლეობა აფასებს იმ შესაძლებლობას, რომ შეუძლია მოძრავ ამბულატორიაში აიცრას. დამატებითი ავტობუსების გამოყოფის საჭიროება ნამდვილად არ არის, რადგან 600-ზე მეტი ამცრელი პუნქტი არის დღეს ქვეყანაში. ის, რომ მეტად რაციონალურად შევცვალოთ მოძრაობის ტრაექტორია იმ ავტობუსების, რომელიც უკვე გამოყოფილია, ამას რა თქმა უნდა, განვიხლავთ. სადაც არ არის დატვირთვა, იმ ავტობუსის გადანაცვლება მოხდება იქ, სადაც მეტი მოთხოვნაა“,-განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს