ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ამნისტიასთან დაკავშირებით ნიკა მელიას თანხმობის საკითხი უნდა გაარკვიოს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ამნისტიასთან დაკავშირებით მელიას თანხმობის საკითხი უნდა გაარკვიოს.

როგორც საძაგლიშვილი განმარტავს, ნიკა მელიას ამნისტიასთან დაკავშირებით პოზიცია საჯაროდ უკვე დაფიქსირებული აქვს.

"წესით და რიგით, დღეს სასამართლომ უნდა გაარკვიოს ამნისტიასთან დაკავშირებით ნიკა მელიას თანხმობის არსებობა-არსებობის საკითხი, ამას კანონი ავალდებულებს სასამართლოს. რაც შეეხება ნიკა მელიას პოზიციას, მან ეს საჯაროდ დააფიქსირა.

რეალურად, მორიგი უპრეცედენტო ფაქტი ხდება ნიკა მელიასთან მიმართებაში, ეს გახლავთ ამნისტიის აქტი, რადგან არც ერთ ამნისტიაში, რაც კი აქამდე ყოფილა მიღებული, ბრალდებულის თანხმობა არ ყოფილა გათვალისწინებული. ეს ცალსახად ნიკა მელიაზე მორგებული რეგულაციაა კანონში, ეს კიდევ ერთხელ ააშაკარავებს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ნებას, რეალურად, მელიას ბრალი წარდგენილი აქვს არა იმიტომ რომ მან რამე დანაშაული ჩაიდინა, არამედ, ეს შედის "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ინტერესებში და დღის წესრიგში, რომ როგორმე ნიკა მელია გატეხონ, თანხმობა ათქმევინონ, ხელი მოაწრინონ, გირაო გადაახდევინონ და ა.შ"- განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს