ლევან იოსელიანი - თუ “ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა 3%-იანი ბარიერი და მას მხარს დაუჭერენ სხვა პარტიები, მათ შორის “ნაცმოძრაობა”, მეც დავუჭერ, რადგან 3%-იანი ნამდვილად სჯობს 5%-იანს

თუ “ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა 3%-იანი ბარიერი და მას მხარს დაუჭერენ სხვა პოლიტიკური პარტიები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა”, მეც დავუჭერ, რადგან 3%-იანი ნამდვილად სჯობს 5%-იანს, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში 2%-იან ბარიერთან დაკავშირებული ჩანაწერი, შესაძლოა, შეიცვალოს.

იოსელიანის თქმით, თავად ფიქრობს, რომ 2 პროცენტი ოპტიმალური ვარიანტია.

"ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები 2%-იანი ბარიერით, მეორე ფაქტია ის, რომ მეორე მოსმენით რომ გავიდეს ეს ცვლილებები, ამას სჭირდება კონსენსუსი ანუ ოპოზიციური პარტიები უნდა დავეთანხმოთ მას. ამიტომ, მარტო "ქართული ოცნების" გადასაწყვეტი არ იქნება, რა იქნება ბარიერი. 2%-იანი ბარიერი მიმაჩნია ოპტიმალურ გამოსავლად ამ ეტაპზე, თუმცა, არ მგონია, რომ 2.5- ზე რომ იყოს საუბარი გრძელვადიანად ან 3 პროცენტზე, ეს რაიმე პრობლემაა. ჩემი მხარდაჭერა არ არის ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი. ოპოზიციას რომ არ მოწონებოდა ეს ცვლილებები, მხარს არ დაუჭერდა. ყველაფერი მეც არ მომწონს, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცას მივაღწიოთ, მიწევს კომპრომისზე წასვლა. შეიძლება უნდოდათ გენპროკურორზე ჩანაწერი ყოფილიყო, რომელიც მაგალითად, მე არ მომწონდა, მაგრამ მეორე მხარეს იდო უფრო მეტი სიკეთე, 2%-იანი ბარიერი, სრულად პროპორციული სისტემა და ამიტომ დაუჭირეს მათ სავარაუდოდ მხარი ცვლილებებს. მე ვფიქრობ, ასეთი კონსენსუსის გზით მივალთ საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო ცვლილებებამდე და მე ვფიქრობ, ეს იქნება 2%-იანი ბარიერი, სრულად პროპორციული სისტემა. თუ “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა 3%-იანი ბარიერი და მას მხარს დაუჭერს სხვა პოლიტიკური პარტიები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა”, რადგან ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, რა თქმა უნდა მეც დავუჭერ, რადგან 3%-იანი ნამდვილად სჯობს 5%-იანს”, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში", შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 2 და 3%-იან ბარიერს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის და არსებული ჩანაწერი შესაძლოა შეიცვალოს. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მომდევნო ორი არჩევნებისთვის 2 პროცენტიან ბარიერს და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ასევე ფრაქციების შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის 4- მდე შემცირებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. პროექტის თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო ასევე გენპროკურორის არჩევის წესიც, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პროექტიდან ამოიღო და კენჭისყრაზე დოკუმენტი ამ პუნქტის გარეშე გაიტანა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა