ნათია მეზვრიშვილი - ძალოვან უწყებებს კრიმინალთან საბრძოლველად არ სცალიათ, რადგან დაკავებული არიან "ქართული ოცნების" ოპონენტების დევნით - შს მინისტრმა, გენპროკურორმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა პარტიული მითითებების შესრულებას თავი უნდა დაანებონ

დანაშაულმა სახე იცვალა და ზოგადად ასეთი ტიპის დანაშაულები შედეგია იმ არათანმიმდევრული პოლიტიკის, რომელსაც სახელმწიფო ატარებს დანაშაულთან მიმართებით. სისხლის სამართლის პოლიტიკას თანმიმდევრულობა სჭირდება. მე არ ვსაუბრობ, რომ პოლიტიკა აუცილებლად მკაცრი ან ლმობიერი უნდა იყოს, კრიმინოგენული მდგომარეობის შესაბამისი უნდა იყოს. დღეს სახელმწიფოს არანაირი პოლიტიკა დანაშაულის წინააღმდეგ, განსაზღვრული და თანმიმდევრული, არ გააჩნია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის რეფორმები, რაც გახარიას გუნდმა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო, შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გააჩერა.

„ის, რაც ჩვენ დავიწყეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში თანმიმდევრული სისხლის სამართლის პოლიტიკის გასატარებლად, პირველ რიგში დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნება, დანაშაულის დამალვაზე უარის თქმა, აბსოლუტურად ყველა კატეგორიის დანაშაულის აღრიცხვა, ფუნქციების გამიჯვნა, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება, ეს ყველაფერი ხელისუფლებამ შემდეგ უკვე გააჩერა და ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების კუთხით კონკრეტული ინიციატივები, მაგალითად, რომელიც ჩვენ გვქონდა უკვე მთავრობის ადმინისტრაციაში როდესაც გახარია პრემიერი იყო, სამწუხაროდ ამისი გაკეთება აღარ დაგვცალდა. იმედი მაქვს, რომ როდესაც არჩევნებს მოვიგებთ და ხელისუფლებაში მოვალთ, ჩვენ ამის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა გვექნება.

სხვათა შორის ორი დღის წინ დავაინიცირეთ ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც 2017-2018 წლებში ვახორციელებდით, კანონპროექტი, მზა პროდუქტი, პრაქტიკულად დავტოვეთ შსს-ში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული, რომელიც უკეთეს გამოძიებას ისახავდა მიზნად, გამომძიებლის და პოლიციელის დამოუკიდებლობისკენ და უკეთესი პროკურატურისკენ იყო მიმართული და ეს ყველაფერი გაჩერდა”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ძალოვან უწყებებს კრიმინალთან საბრძოლველად არ სცალია, რადგან ისინი დაკავებული არიან „ქართული ოცნების“ ოპონენტების, მათ შორის პარტია „სამართლიანობისთვის“ დევნით.

„ეს ყველაფერი რომ შეიცვალოს და ასეთი ფაქტები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ხელისუფლება ძალადობას არ უნდა ახალისებდეს, რასაც ბოლო თვეებში ამ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა. ძალადობის ფაქტებს ადგილი 5 ივლისს ჰქონდა და თუნდაც ის, რომ ახლა ჩვენი პარტიის მისამართით ასეთი მასშტაბის შეტევა ხორციელდება, სისტემური პოლიტიკური მოტივით დევნა. საზოგადოება ხედავს ამას. მათ შორის დანაშაულის ჩამდენი პირები ხედავენ ამას, რომ ძალოვან უწყებებს კრიმინალთან საბრძოლველად არ სცალიათ და დაკავებული არიან პოლიტიკური ოპონენტებისა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში პარტია „საქართველოსთვის“ ბრძოლით. გამომძიებლებს, რიგით პროკურორებს დღეს არ ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ დანაშაულზე რეაგირება მოახდინონ, მათ ხელმძღვანელობა პარტიული გავლენის ქვეშ არის მოქცეული.

უნდა დაანებოს თავი პარტიის მითითებების შესრულებას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ისე გენერალურმა პროკურორმა, ისე შემოსავლების სამსახურის უფროსმა. ვახტანგ გომელაური ახლა არ მოქმედებს როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდეთ. იმედი რომ აღარ გვქონდა, რომ ქვეყანაში ამაზე ვინმე პასუხისმგებლიანი რეაგირებას მოახდენს. 6 ბრიფინგი ჩავატარე და არც პროკურატურისგან და არც შინაგან საქმეთა სამინისტროდან რეაგირება არ ყოფილა.

ათეულობით ფაქტია, რომელიც უკავშირდება კანდიდატურების მოხსნას. არათუ მოხსნეს, არამედ მოახსნევინეს და ტყუილია ის, რასაც სახელისუფლებო მედია აკეთებს, თითქოს ამ ადამიანებმა არ იცოდნენ ხელი რაზე მოაწერეს.

გახარიას პარტიას „ქართული ოცნება“ ვერ დაასუსტებს. ეს ყველაფერი იმითაა განპირობებული, რომ გახარიას პარტია დღითი-დღე ძლიერდება და ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“. ათეულობით პარტიიდან გადიან და ასეულობით პოლიტიკური დევნის ფაქტებია. რეალურად პარტია დააყენა „ქართულმა ოცნებამ იმ რისკის წინაშე, რომ გარკვეულ უბნებზე შეიძლება სიების ანულირების საკითხი დადგეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ იმ გზიდან, რა გზაზეც მივდივართ, გამარჯვებისკენ გზაზე მივდივართ, ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებს”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა