მარიამ ქვრივიშვილი - ღვინის ტურიზმის კონფერენციაზე შესაძლებლობა გამოვიყენეთ, მეტი გვესაუბრა საქართველოს ტურიზმის პოტენციალზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართულ მაღალი დონის მინისტერიალზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ღვინის წარმოების კულტურაზე, მის 8000-წლიან ისტორიაზე, ქართული მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის განვითარებაზე. როგორც მან აღნიშნა, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ტურიზმის პოტენციალს, ღვინოსა და ღვინის ტურიზმს, რომელსაც მისივე შეფასებით, უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ღვინის ტურიზმის განვითარებისადმი მიძღვნილ ფორუმზე მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, საკუთარი ქვეყნების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა, სადაც ღვინის ტურიზმი ძალიან განვითარებულია.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების ეტაპებზე და ხელშეწყობის იმ მექანიზმებზე, რომელთაც მთავრობა კერძო სექტორის მიმართ იყენებს.

მათივე ინფორმაციით, აღინიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ბიზნეს - სტიმულირების სხვადასხვა პროგრამებით ხელს უწყობენ მცირე და საშუალო კომპანიების, მათ შორის, საოჯახო მარნების, განვითარებას მიკროგრანტებით, თანადაფინანსებისა თუ საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმებით. აღნიშნულმა საკითხმა კონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

„ზოგადად, საქართველოს ცნობადობა, როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის ტურიზმის ქვეყნის, საკმაოდ გაზრდილია. კონფერენციაზე, რომელშიც ღვინის ტურიზმის სფეროში მომუშავე წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ, გამომსვლელთა დიდი ნაწილი ახსენებდა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას, რომელმაც შედარებით მოკლე პერიოდში შეძლო საკუთარ ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ღვინის ტურიზმის სფეროში. ძალიან სასიხარულო იყო იმის მოსმენა, რომ კონფერენციაზე გამომსვლელი ავტორიტეტული პირები საქართველოს წარმატებაზე საუბრობდნენ. ასეთი მაღალი რანგის დელეგატები, რომ საქართველოს, როგორც ღვინის ტურიზმის ქვეყანას, უკვე იცნობენ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს