კახა კალაძე - შეიძლება ჩემი რეიტინგი ჩვენს პარტიაზე მეტიც იყოს - შეიძლება ადამიანი „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი იყოს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატს მე მაძლევდეს ხმას

არანაირი ნდობა არ გამაჩნია ამ კვლევების მიმართ, ეს არის მცდელობა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იქნება პოლიტიკური გუნდი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "პირველივე ტურში გაიმარჯვებს აბსოლუტურად ყველა ქალაქსა თუ რაიონში.

,,ჩემი დამოკიდებულება კვლევებთან დაკავშირებით ციდან არ მოფრენილა. ჯერ კიდევ 2012 წლამდე რა კვლევებსაც აჩვენებდნენ საზოგადოებას, არწმუნებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, შეგიძლიათ ყველა კვლევის შედეგები ნახოთ, რას აქვეყნებდნენ და არჩევნების შედეგი რა დგებოდა, შესაბამისად, არანაირი ნდობა არ გამაჩნია ამ კვლევების მიმართ. ეს არის მცდელობა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში თითქოს რომელიმე კონკრეტულ პარტიას ან პოლიტიკოსს ეს რეიტინგი აქვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, შესაძლოა „დედა კომპანია“ არაფერ შუაში არ არის, რადგან ველზე სხვა კომპანიები აკეთებენ სამუშაოს.

რაც შეეხება ჩემს პირად რეიტინგს, ყველაზე კარგი საზომი არის რიგითი თბილისელების დამოკიდებულება ჩემდამი რასაც ყოველდღიურად ვგრძნობ და ვპირდები, რომ ამ სიყვარულსა და პატივისცემას დავუბრუნებ განხორციელებული მასშტაბური და საინტერესო პროექტებით ქალაქში. შეიძლება ჩემი რეიტინგი ჩვენს პარტიაზე მეტიც იყოს, არიან ადამიანები, ვინც შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიას უჭერდეს მხარს, მაგრამ მოსწონდეს ჩემი გაკეთებული საქმეები. შეიძლება ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყოს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატს მე მაძლევდეს ხმას, ბევრია ასეთი ადამიანიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს