გია ვოლსკი თაკო ჩარკვიანის ინიციატივას,  სააკაშვილის  დასაბრუნებლად საერთო სახალხო მოძრაობის დაფუძნების შესახებ, პოპულისტურს უწოდებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დეპუტატ თაკო ჩარკვიანის ინიციატივას საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მშვიდობიანად დასაბრუნებლად საერთო სახალხო მოძრაობის დაფუძნების შესახებ პოპულისტურს უწოდებს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წინაასაარჩევნო პერიოდში ჩარკვიანის პოლიტიკური რესურსი არცთუ მოძლიერებულია და სწორედ ამიტომ ისეთი პოპულისტური განცხადებების გაკეთებას ცდილობს, რითაც ყურადღებას მიიპყრობს და დღის წესრიგში იქნება.

კითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობს თავად მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის გეგმასთან დაკავშირებით, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ასეთი ინფორმაცია არ არსებობს.

"ადრე იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგი აპირებდა გვირაბის გათხრას უკრაინიდან თბილისამდე, რაზეც მისმა მეუღლემ ისაუბრა. იყო ინფორმაცია მელიას დაპატიმრების პერიოდში, როცა გახარიამ შემხვედრი ნაბიჯი გადადგა, რომ ჩამოსვლის ორგანიზებას აპირებდა, რათა საზღვართან ჩოჩქოლი შეექმნა. ის, რომ რაიმეს დაგეგმვა და ორგანიზება ხდება, ასეთი ინფორმაცია ჩემს ხელთ არ არის. თუ რაიმე ინფორმაცია სპეცსამსახურებს აქვთ, არ არიან ვალდებული, გაგიზიარონ", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში მშვიდობიანად დასაბრუნებლად საერთო სახალხო მოძრაობა დააფუძნა. როგორც ჩარკვიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უნდა შეწყდეს მისი პოლიტიკური დევნა, უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს