პროკურატურამ ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალი წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს პროკურატურამ, ყვარელში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე შ.მ.-ს ბრალდება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 სექტემბერს, შ.მ.-მ, ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში ტერორისტული აქტი განახორციელა და საქართველოს ხელისუფლებისგან თანხის მოთხოვნის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების მუქარით, 6 მოქალაქე მძევლად აიყვანა. შენობაში მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები აიძულა დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ბანკის შენობაში მყოფ მოქალაქეს მოსთხოვა დაერეკა საზოგადეობრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ში და ხელისუფლების ორგანოებისთვის მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა.

თავდამსხმელი ცდილობდა საზოგადოებაში მასობრივი პანიკის და შიშის დანერგვით ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა შეესრულებინა მის მიერ დაყენებული მოთხოვნები. შ.მ. მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500.000 ლარი და 500.000 აშშ დოლარის მისთვის გადაცემა და შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალების მიცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით დაიმუქრა.

სამართალდამცველებმა შ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა