გიორგი გახარია - ძალიან კარგად მესმოდა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა, გარკვეული დისკომფორტის და რისკის ქვეშ დადგებოდა, მაგრამ ვერ წარმომედგინა ის, რაც დღეს ხდება

ბევრი რამ მომხდარა ჩვენს თავს, მაგრამ ვერ წარმომედგინა, არ ვუშვებდი, რომ „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ფასეულობებზე უარს იტყოდა, -ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილების მიღებისას გააზრებული ჰქონდა, რომ მისი და მისი გუნდის წინააღმდეგ დიდი ზეწოლა იქნებოდა.

თუმცა, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დღევანდელი მოქმედებები კიდევ უფრო მეტად არწმუნებს პოლიტიკაში დარჩენის და ახალი ბრძოლის წამოწყების სისწორეში.

„მე ძალიან კარგად, დეტალურად ვიაზრებდი, რა მოჰყვებოდა ყველაფერ ამას. ძალიან კარგად მესმოდა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა, გარკვეული დისკომფორტის და ზოგიერთები რისკის ქვეშ დადგებოდნენ, მაგრამ მართლა გეუბნებით, ვერ წარმომედგინა ის, რაც დღეს ხდება. ის, რაც ახლა ხდება, კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყო და უნდა გადამედგა“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ბოლო ორი დღის მანძილზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ ზეწოლისა და მოსყიდვის მცდელობა იყო.

„დღეს, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც მასწავლებელია, ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მართულ სკოლაში დირექტორმა დაიბარა და პირდაპირ უთხრა ერთ-ერთი მაღალი რანგის სასულიერო პირის სახელით, აირჩიე აქ იქ უნდა იყო ან გაგიშვებთო. გუშინ მაგალითად, ვიყავით დევნილთა დასახლებაში, სადაც საკითხი ასე დგას, თუ მიხვალ გახარიასთან ღონისძიებაზე, სოციალურ დახმარებას მოგიხსნითო, დევნილებს ეუბნებიან ამას. ჩვენს ფოთის მერობის კანდიდატთან მივიდნენ და ეუბნებიან, რომ 200 000 ლარს მოგცემთო, აი, ამ სიაში ნებისმიერ მიწას ხელი დაადე და 3000 ლარიც ყოველთვიურად გექნებაო. არ ვიცი, წარმოუდგენელი რაღაცაა. მესმის აქ რაშია პოლიტიკური ლოგიკა - ჩვენ რაღაც საკითხებში მართლა ხელს ვუშლით“, - განაცხადა გახარიამ.

როგორც მან მხარდამჭერებთან საუბრისას აღნიშნა, არ მოელოდა თუ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ფასეულობებზე უარს მხოლოდ იმიტომ იტყოდა, რომ ძალაუფლება არავისთვის გაენაწილებინა.

„რეალურად, მართლა ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, შეცდომებიც ბევრი იყო. მე კარგის ნაწილიც ვიყავი და ცუდისაც. ბევრი რამე მომხდარა ჩვენს თავს, მაგრამ ვერ წარმომედგინა, არ ვუშვებდი, რომ „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ფასეულობებზე უარს იტყოდა. ვფიქრობდი, რომ ეს იმდენად მეორე ხარისხოვანია, რომ არანაირი პრობლემა არაა, ახლა ქვეყანაში უკვე ისეთი გარემოა, რა მოხდა მერე, თუ ვიღაცასთან პასუხისმგებლობა გაიყავი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი ხომ? მაგრამ არა“ ,- განაცხადა გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდი შეიქმნა, რომელსაც მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს. მხარდამჭერთა გუნდს საკუთარი სივრცე ექნება, რომელიც უზნაძის ოთხ ნომერში განთავსდა. მხარდამჭერთა გუნდში დარეგისტრირება მოქალაქეებს დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეეძლებათ, ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს