ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს“ ელჩი დავით აფციაური შეუერთდა

ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს“ ელჩი დავით აფციაური შეუერთდა. „ჯეოქეისის“ ინფორმაციით, აფციაური ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების დირექტორის პოზიციას დაიკავებს.

„გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ „ჯეოქეისის“ გუნდს მაღალკვალიფიციური პროფესიონალი - ელჩი დავით აფციაური შემოუერთდა. დავით აფციაური „ჯეოქეისის“ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების დირექტორის პოზიციას დაიკავებს. ელჩი აფციაური კარიერული დიპლომატია და დიპლომატიური საქმიანობის თითქმის 30 წლიანი პროფესიონალური გამოცდილება გააჩნია. მინიჭებული აქვს უმაღლესი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა, ასევე მუშაობდა საქართველოს ელჩად ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩინეთში, მონღოლეთსა და ვიეტნამში. წვლილი აქვს შეტანილი შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის დაწყების საქმეში.

დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად, დავით აფციაური, როგორც მიწვეული პროფესორი და წამყვანი მკლევარი, აქტიურად მონაწილეობდა როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უნივერსიტეტებისა და წამყვანი კვლევითი ცენტრების საქმიანობაში, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, ისეთი სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებაში, რომლებიც საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების პრობლემატიკას ეხებოდა. ამჟამად იგი თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის მკვლევარია, პარალელურად, ამავე უნვერსიტეტში წლებია სალექციო საქმიანობას ეწევა. მიწვეული პროფესორის რანგში, ლექციებს კითხულობს პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში, შანდუნის ფინანსებისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში (ჩინეთი), ასტანას საერთაშორისო უნივერსიტეტში (ყაზახეთი) და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაში. დავით აფციაური წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული გაეროს ეგიდით ამოქმედებული აკადემიური და კვლევითი პროექტების განხორციელებაში, ასევე ლექციებს კითხულობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში (ქ. ნიუ-იორკი), ფლორიდის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკის ადვოკატთა ასოციაციაში, იალოვას უნივერსიტეტში (თურქეთი) და ა.შ.

ელჩი დავით აფციაური მონაწილეობდა მრავალ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში, სემინარსა და ტრენინგ-პროგრამაში (მათ შორის მოხსენებებით გამოდიოდა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიებზე და სხვა ფორუმებზე) ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში. იგი გახლავთ ასტანის ეკონომიკური ფორუმის მაღალი რანგის ექსპერტთა საბჭოს წევრი.

იგი გახლავთ ეკონომიკის დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის საკითხებზე ცნობილ ქართულ სამეცნიერო და უცხოურ მედია გამოცემებში.

ელჩ დავით აფციაურის პროფესიონალიზმი და კომპეტენცია „ჯეოქეისის“ ავტორიტეტული ანალიტიკოსების გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს, რაც ორგანიზაციის ნაყოფიერი საქმიანობისათვის მნიშვენლოვანი ფაქტორია. წარმატებებს ვუსურვებთ მას!“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს