გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ კვლევაზე - ყველა იმ ციფრს დაწერს, რაც უნდა, მთავარი კვლევა 2 ოქტომბერს იქნება

უკიდურესად არასერიოზულ სახეს იღებს ეს კვლევების გამოქვეყნება. თანაც შიდაპარტიული კვლევები რა შუაშია? ყველა იმ ციფრს დაწერს, რაც თვითონ უნდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელი - მესამე ძალის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო შიდაპარტიულ კვლევებს, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტია გამოკვეთილად ლიდერობს.

ვაშაძის თქმით, ყველაზე სანდო და მნიშვნელოვანი კვლევა იქნება მოახლოებული არჩევნები.

„მთავარი კვლევა 2 ოქტომბერს იქნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ „მესამე ძალას“ ყველგან ექნება მხარდაჭერა და ზუსტად ვიცი, რომ ეს იქნება ცვლილებების არჩევნები, რომელიც რიგგარეშე არჩევნებამდე მიგვიყვანს.

საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, 43%-ზე ნაკლები ექნება „ქართულ ოცნებას“? რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს. არ იქნება? მაშინ არ უნდა დაინიშნოს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

როგორც მან განმარტა, მისი პარტია სხვა პოლიტიკური ძალებისგან იმით განსხვავდება, რომ საქმეზე არის ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, ის იმედოვნებს, რომ საქართველოს მოსახლეობა მას მხარს დაუჭერს.

ამასთან, ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი.

„საერთოდ არ მაინტერესებს ეს საკითხი. ეს არჩევნები არის იმაზე, რომ რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდეთ და არა იმაზე, ვინმე ჩამოვა თუ არა ქვეყანაში. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, რომ გავასწოროთ სამიზნე მომავალზე, ქვეყნის აღმშენებლობაზე და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე და არა იმაზე, თუ ვინ ჩამოვა თუ არა ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს