„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში უკანონო მიყურადების, თვალთვალისა და მოსმენების კამპანია მასშტაბურია

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, ქვეყანაში უკანონო მიყურადების, თვალთვალისა და მოსმენების კამპანია მასშტაბურია.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, გამოქვეყნებული ინფორმაციის ავთენტურობის დადგენა და ობიექტური გამოძიების ჩატარება.

„თქვენ იცით, რომ სამოქალაქო საზოგადოება 2012 წლიდან ვაწარმოებდით კამპანიას "ეს შენ გეხება", შემდეგ მეორე ეტაპიც გვქონდა "ეს შენ გეხება - კიდევ გვისმენენ". ჩვენ ამ პრობლემაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ არის ქვეყანაში უკანონო თვალთვალი, მიყურადება და მოსმენები, რომელიც არაერთხელ იქნა გამოყენებული ადამიანების წინააღმდეგ, იქნებიან ეს პოლიტიკური აქტორები, ჟურნალისტები თუ სხვა. გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ძალიან მასშტაბური შეიძლება იყოს ეს მოსმენები და ადამიანებს არა მხოლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე უსმენდნენ, არამედ, ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო საუბრებზეც კი უსმენდნენ. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ავთენტურობის დადგენა, გამოძიების წარმოება და თუ კითხვები არსებობს ავთენტურობასთან დაკავშირებით, ესეც დადასტურდეს. ეს არის დანაშაული, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უსმენენ ადამიანებს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს არჩევნებს, რადგან მისივე განმარტებით, არჩევნების პერიოდში ამის გამოაშკარავება, ცხადია, ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე და ხმის მიცემაზე ზეგავლენის გამო ხდება.

„რაც ხდება, ეს ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაზუსტებით შეუძლიათ თქვან, რომ ეს ჩანაწერები ფალსიფიცირებულია, დაგვიდასტურონ. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ამ ჩანაწერებს ოპოზიცია აკეთებდა და ოპოზიცია უსმენდა. წინა ხელისუფლების დროსაც იყო ეს პრობლემა, მაგრამ ჩანაწერები, რომელიც ახლა გამოაშკარავდა, მოგვიანებით პერიოდს ეხება, შესაბამისად, წარმოუდგენელია, ამას ოპოზიცია აკეთებდეს. ამიტომ თუ უნდა ხელისუფლებას დაადასტუროს ამის ფალსიფიკაცია, გამოძიება მნიშვნელოვანია. ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვებს აქარწყლებს ის, რომ რამდენიმე ადამიანმა ახლაც და წინა მოსმენებზეც დაადასტურეს, რომ მსგავსი ტიპის საუბრები არსებობდა. გუშინ ინსპექტორის სამსახურმაც გაავრცელა განცხადება, რომ უნდა მოხდეს ავთენტურობის დადგენა და შემდეგ გამოძიება, რადგან იქ საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც თვალთვალს ახორციელებდნენ. ჩვენ დამნაშავეებიც სახეზე გვყავს, თუ ამის დადასტურება მოხდება. ამიტომ ხელისუფლების პირველადი სურვილი ამის გამოძიება უნდა იყოს, თუმცა, არ ვიცი რამდენად გვაქვს ამის მოლოდინი და იმედი, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნების დეა სხვა შემთხვევები ამ დრომდე გამოუძიებელია“, - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა