მიხეილ სააკაშვილი - თუ სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა ვინმეს ახსოვს, როცა ჩემს დროს გამოსულიყო პირადი ცხოვრების შემცველი მასალები? თუ ვიღაც ნაძირალა რამეს აკეთებდა, არ ვიცი, რამე რომ გამეგო, დავსჯიდი

ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა ქართული ეკლესია, ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი, მე ამის მოწმე ვარ არაერთხელ, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მსგავსი ფაქტები არასდროს მომხდარა და რომ გაეგო, დამნაშავეს მკაცრად დასჯიდა.

„მოსმენებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკლესიას, ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი და ერთი გამკეთებელი ჰყავს-ეს არის ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანა არის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურება, მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა იქიდან, მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, ჯერჯერობით, არ გამოუვიდა. მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა ქართული ეკლესია, ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი, მე ამის მოწმე ვარ არაერთხელ. ზუსტად ვიცი, რაზე ვსაუბრობ. აქედან წამოვიდა უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები, ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე და ათასგვარი უბედურება.

იმ ხალხს, ვინც ამბობს, „ივანიშვილი იმას აკეთებს, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, ან რომ ამბობენ, ისინი იმიტომ გავაგდეთ, რომ ამას აკეთებდნენ და ამათაც იგივე უნდა გააკეთონ?!“ მინდა შეგახსენოთ, თუ სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა მაინც ვინმეს ახსოვს, როდესაც ჩემს დროს გამოსულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები, თუ ვიღაც ცალკე ნაძირალა რამეს აკეთებდა, მე ნამდვილად არ ვიცი. რამე რომ გამეგო, ნამდვილად ძალიან დავსჯიდი. ვინმეს გაუგია მასობრივად ამის შეგროვება ხდებოდა? ეს იყო ჭორი და ახლა ეს არის რეალობა. ივანიშვილს სურს, მთელი ქვეყანა აქციოს ჭაობად და უბედურებად, რომ ქვეყანაში ყველა და ყველაფერი იყოს დისკრედიტირებული, რომ ქვეყნიდან ხალხი გარბოდეს და ყველაფერი ამას დარჩეს.

ერთადერთი გზა არის, ერიც და ბერიც დადგეს ერთად, გადადოს გვერდზე ყველა განსხვავება, ყველა პირადი პრობლემა, შუღლი და დაპირისპირება. ერთად შეცვალოს სიტუაცია და გადაარჩინოს საქართველო, ქართული ტრადიციული ფასეულობები, გადაარჩინოს ჩვენი ეკლესია, გადაარჩინოს ჩვენი ბავშვების მომავალი. წამზომი ჩართულია, ჩვენ ვართ გადარჩენის რეჟიმში და ამ გადარჩენაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა“,- აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო