ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამებით, კიდევ მეტ ადამიანს უნდა დავეხმაროთ, ვასწავლოთ, როგორ გააკეთონ მცირე და საშუალო ბიზნესი, მეტი წარმატების მაგალითი უნდა შევქმნათ ქვეყანაში

გვაქვს მასშტაბური გეგმები და ამოცანები, რომ ყველა მთავარ გამოწვევას, რაც არის სიღარიბე, უმუშევრობა, ღირსეულად ვუპასუხოთ, შევქნათ მეტი სამუშაო ადგილი, მეტად წავახალისოთ ადგილობრივი წარმოება, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომ მეტი დასაქმების ადგილები შევქმნათ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა რეგიონის მიხედვით შემუშავებულია გეგმები, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი.

„ტურიზმის მიმართულებით, ვუყურებთ რა ასეთ ულამაზეს ბუნებას და ტურისტულ ადგილებს, უნდა განვავითაროთ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში, ტურისტული ლოკაციები, ახალი ტურისტული ცენტრები შევქმნათ, ახალი საწარმოების შექმნას შევუწყოთ ხელი. 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ ჩვენ, მთავრობა და კერძო ბიზნესი ერთად, მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 1300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას ვგეგმავთ უახლოესი წლების განმავლობაში. ამ პროექტს წელსვე ვიწყებთ. ეს პროექტები და ეს სიკეთე გადანაწილდება თითოეული რეგიონის მიხედვით, ისე, რომ ერთ რეგიონში არ იყოს თავმოყრილი. სოფლის მეურნეობაში ლევან დავითაშვილს აქვს ძალიან მაგარი პროექტები, რომ თითოეული გოჯი მიწა დამუშავდეს, ხელი შეეწყოს მეცხოველეობის განვითარებას, ყველა მიმართულებას, რომელიც ამ დარგს უკავშირდება, რომ თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი ქვეყანა გავხდეთ. არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა დამოკიდებული იყოს იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ჩვენ შეგვწევს უნარი და ძალა, ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ პროდუქცია, მაღალხარისხიანი და მათ შორის ბიოპროდუქცია, გავიტანოთ ექსპორტზე და ამით ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღორძინებას და განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს ინფრასტრუქტურის, რეგიონების განვითარების მიმართულებით.

„32 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს მომდევნო წლების განმავლობაში. ყველა ქალაქს უნდა ჰქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება, აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო სისტემების აღდგენა და ამას გავაგრძელებთ. ჩვენ დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, რათა ყველა ქალაქი ეტაპობრივად გარდავქმნათ ევროპული ტიპის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად. ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი გუნდი, ძლიერი მთავრობა, ძლიერი ხელისუფლება ადგილობრივ დონეზე, რომ ეფექტურად აღსრულდეს ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ და დავიწყებთ და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამ პროგრამებით. ვიცი, რომ ნაკლებობაა ხელმისაწვდომობაზე, რაც უნდა გავაფართოოთ, კიდევ მეტ ადამიანს დავეხმაროთ, ვასწავლოთ, როგორ გააკეთონ მცირე და საშუალო ბიზნესი, მაქსიმალურად ჩავრთოთ ისინი, მეტი წარმატების მაგალითი უნდა შევქმნათ ქვეყანაში. ხალხს სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება. ამიტომ, განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა ქალაქში, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გასული 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი წამყვანი დარგია, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

„რაც გაკეთდა ბოლო რვა წლის განმავლობაში არ გაკეთებულა ბოლო 20 წელია, მას შემდეგ რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ამას სჭირდებოდა, მომზადება, აღდგენა, საფუძვლის ჩაყრა ხელახლა, რატომ იმიტომ, რომ მათ დაანგრიეს ყველა ის საფუძველი რომელიც არსებობდა ამ დარგში და ამ სისტემაში და ჩვენ გვყავს ღირსეული მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღირსეული მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ღირსეული მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრები, ყველანი რომლებიც გამოირჩევიან წესიერებით, პროფესიონალზმით, კვალიფიკაციით და ქვეყნის და ხალხის სიყვარულით ემსახურებიან თავის საქმეს, თავის ქვეყანას და თავის ხალხს. თუნდაც ადგილობრივი წარმოების უ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები: პროგრამები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ „შეღავათიანი აგროკრედიტი“, თუნდაც შიდა ქართლის რეგიონში 360 მილიონი ლარის შეღავათიანი აგრო კრედიტი გაიცა. აქედან 50 მილიონი ლარის თანაინვესტირება ჩვენ განვახორციელეთ, ათეულობით ახალი საწარმო დაფინანსდა, შემნახველი საწარმოები იქნება ეს, თუ გადამამუშავებელი საწარმოები“, - აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება განათლების სფეროს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აშენდა 175 ახლი სკოლა და განხორციელდა 250 სკოლის რეაბილიტაცია.

„ახლა 800 სკოლის რეაბილიტაციას ვიწყებთ თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით. ვაშენებთ პროფესიულ სასწავლებლებს ყველა რეგიონში და ყველა მუნიციპალიტეტში. დევნილების მიმართულებით, გვაქვს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესი. ჩვენს დაჩაგრულ ხალხს, დევნილებს ვეხმარებით, რომ ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ. ათასობით ადამიანს დაუკანონდა ფართები და საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო