ელენე ხოშტარია - საბჭოთა კავშირის მსგავსად, საქართველოს ყველა მოქალაქის ოჯახში დამონტაჟებულია „ქართული ოცნების“ ყური და თვალი - ეს არის უდიდესი ბოროტება

„დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ე.წ. ფარული ჩანაწერების გავრცელება ადასტურებს, რომ ხელისუფლება ყველა მოქალაქეს უსმენს.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მომხდარ ფაქტს მოქალაქეებმა პასუხი 2 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე უნდა გასცენ.

„გვინდა საგანგებოდ გამოვეხმაუროთ იმ ტოტალურ ბოროტებას, რისი მომსწრეებიც გავხდით საქართველოში, საქართველოს მოქალაქეები და საზოგადოება. პრაქტიკულად ყოველდღიურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომელიც რეალურად არის არა სახელმწიფო უსაფრთხოების, არამედ „ქართული ოცნების“ ინტერესების დაცვის სამსახური, ჟონავს ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეების უფლებების საშინელი გათელვის შესახებ. ჯერ ჩვენ ვნახეთ მასწავლებლები და ბაგა-ბაღის თანამშრომლები, რომლებიც პარტიული საარჩევნო ინტერესების გამო, პრაქტიკულად იდევნებიან, აღირიცხება მათი პირადი ცხოვრება, ხდება მათი შანტაჟი. ახლა გამოჟონა ინფორმაციამ ტოტალური, წარმოუდგენელი მასშტაბის ინფორმაციამ პრაქტიკულად ყველა მოქალაქის მოსმენის შესახებ. აქ ჩვენ ვხვდებით პირად ცხოვრებას, ოჯახის წევრების საუბრებს, საქმიან თუ არასაქმიან საუბარს, პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის მსგავსად, ჩვენს ოჯახებში საქართველოს ყველა მოქალაქის ოჯახში არის დამონტაჟებული „ქართული ოცნების“ ყური და თვალი. ეს არის უდიდესი ბოროტება. ჩვენ ჩვენი მხრიდან გვინდა განვაცხადოთ პირველი, „დროა" არ აპირებს კომენტარის გაკეთებას ამ უკანონო და ბინძური ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ეს. მეორე, ჩვენ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დავდოთ პირობა, რომ ამ არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური პოლიცია პრაქტიკულად აღარ იარსებებს,

სახელმწიფო უსაფრთხოება იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება და სუს-ის მთავარი ფუნქცია იქნება კონტრდაზვერვის, ანტიტერორისტული საქმიანობა. ეს არის ის, რაც რეალურად საფრთხეს წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსთვის და არა ის პოლიტიკური პოლიცია, რომელიც დღეს საფრთხეა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ბოლოს, მთავარი პასუხი ამ გაუგონარ თავგასულობაზე უნდა იყოს 2 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ბრაზმა, რომელიც ყველას გვეუფლება, უნდა შემოგვახაზინოს უარი "ქართულ ოცნებას" და არჩევანი კოალიციური, დაბალანსებული ძალის სასარგებლოდ",- განაცხადა ხოშტარიამ.

„დროა“ კიდევ ერთის წევრის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, როგორ წესი, ხელისუფლება მსგავს მეთოდებს წინასაარჩევნოდ იყენებს.

„ეს არის კარგად აპრობირებული მეთოდი ავტორიტარული რეჟიმების, ყველაზე კარგად ამას რუსეთი აკეთებს და ვხედავთ, რომ რუსული ტიპის უსაფრთხოების სისტემა ტოტალური კონტროლის საქართველოში გადმოვიდა. აქედან ერთადერთი გამოსავალია, პირველ რიგში სწრაფად ხელისუფლების ცვლილება და მეორე, უსაფრთხოების სექტორის კომპლექსური რეფორმის ჩატარება, არა ზედაპირული, არამედ კომპლექსური. დღეს ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია დაცულობა, უსაფრთხოების სისტემა. რეალურად ვართ ადვილად მანიპულირებადი ყველანაირი ჰიბრიდული გამოწვევების წინაშე, დაწყებული საზოგადოების გახლეჩითა და პოლარიზებით, განსაკუთრებით ეს ვლინდება მგრძნობიარე პოლიტიკურ პერიოდში, როდესაც არის არჩევნები ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა. ჩვენ, „დროას" გვაქვს კარგად დამუშავებული უსაფრთხოების სექტორის გეგმა, რომელზეც დიდი ხანია ვმუშაობთ ჩვენ და ჩვენი უცხოელი პარტნიორები. არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს ეს მახინჯი სისტემა“, - განაცხადა ქუთელიამ.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა