გრიგოლ ვაშაძე -  აბსოლუტური დეჟავუ მაქვს, გეგონება უკან გადავედი, ხელისუფლებაში ვარ და ოპოზიცია გვედავება მესტიის მუზეუმზე, რომ ექსპონატების გაყიდვას ვაპირებთ

აბსოლუტური დეჟავუ მაქვს, გეგონება უკან გადავედი, ხელისუფლებაში ვარ და ოპოზიცია გვედავება მესტიის მუზეუმზე, რომ ექსპონატების გაყიდვას ვაპირებთ, - ამის შესახებ დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ, კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით 2500 მოქალაქის პეტიციაზე მსჯელობენ, რომლის გადაგზავნას პარლამენტი კულტურის სამინისტროში აპირებს.

როგორც კომიტეტის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, შენობა ნამდვილად ინგრევა, ექსპონატები გადასარჩენია, ყველაფრის პოლიტიზირება კი დაუშვებელია.

„აბსოლუტური დეჟავუ მაქვს, გეგონება უკან გადავედი, ხელისუფლებაში ვარ და ოპოზიცია გვედავება მესტიის მუზეუმზე, რომ ექსპონატების გაყიდვას ვაპირებთ, ყველაფერს ვანადგურებთ და ა.შ. იმას კი არ ვამბობ, რომ კმაყოფილი ვარ, რაც დღეს ხდება, მართლა აღარ შეიძლება ყველაფრის პოლიტიზირება. ის შენობა ინგრევა, ეს ვიცი. შვილი და სტუმრები მყავდა. ის, რომ ექსპონატები გადასარჩენია, ფაქტია. სარდაფში თუ ვინმე ჩაბრძანებულხართ, ნახავთ რა დღეშია ფუნდამენტი“, - აღნიშნა ვაშაძემ.

მან ასევე საია-ს ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან სალაძესაც მიმართა კითხვით და დაინტერესდა, თუ აქვს ინფორმაცია ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით, რადგან ეს დაუშვებელია.

„ანჩისხატის გადაცემა საპატრიარქოსთვის - ასე ლაპარაკის დონეზე გაგებული მაქვს, თქვენ გაქვთ ბატონო სულხან ასეთი ინფორმაცია, რომ ეს გადაწყვეტილია? კატეგორიული წინააღდმეგი ვარ ანჩისხატის გადაცემის. თუ 180%-იანი გარანტია არ გვექნება, რომ ის არ იქნება სათანადო პირობებში, მუზეუმის თანამშრომლების დაცვის ქვეშ, იმიტომ, რომ გელათში რაც მოხდა, ვნახეთ. გამოვითხოვ ინფორმაციას, იმის თაობაზე არის თუ არა გადწყვეტილება მიღებული და მზადდება თუ არა ასეთი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის კულტურის კომიტეტი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თაობაზე წარდგენილ საინიციატივო ჯგუფის პეტიციას კულტურის სამინისტროს გადაუგზავნის.

ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პეტიცია, 2500-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით, პარლამენტში სულხან სალაძემ წარადგინა.

პეტიციაში ვკითხულობთ, რომ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და მასში დაცული ქართული კულტურის საგანძური საფრთხეშია.

პეტიციის ავტორები ითხოვენ, პარლამენტი დაინტერესდეს ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და მის ხელთარსებული მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს როგორც საკითხის საჯაროობა, ისე მიმდინარე პროცესებზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტური განხორციელება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არ შემეშინდება გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ სტრუქტურას მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს