სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამოხატავს შეშფოთებას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გალის სკოლებში მოსწავლეებს ქართულ ენაზე განათლების მიღება აეკრძალათ

სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს აეკრძალათ ქართულ ენაზე განათლების მიღება.

როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსგავსი უკანონო ქმედებები წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის განადგურებას და მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ისახავს მიზნად.

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, გრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს და პრინციპებს. მსგავსი უკანონო ქმედებები წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის განადგურებას და მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ისახავს მიზნად.

გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შემდგომ შეზღუდვასთან და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა შესაბამის საერთაშორისო პარტნიორთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით, ასევე გააქტიურდა ცხელი ხაზიც. საკითხი მთელი სიმწვავით იქნება განხილული 2021 წლის 12-13 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდზე.

ქართული მხარე ძალ-ღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სხვა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად“, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა