სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია.

სიების გადმოცემასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ცესკოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა.

„განახლებული მონაცემების საფუძველზე საზოგადოების და შესაბამისი ჩართული მხარეების აქტიურობით გვექნება კიდევ უფრო გაუმჯობესებული, კიდევ უფრო დახვეწილი ამომრჩეველთა ერთიანი სიები, რომელიც მოხსნის ყველა იმ კითხვის ნიშანს და გამორიცხავს იმ მანიპულაციას, რომელიც ამომრჩეველთა სიასთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს“,- განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ სანიკიძემ პოტენციურ ამომრჩეველთა სიის შედგენის პროცესზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი ბიომეტრიული საარჩევნო სია მოქმედებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სია სრულყოფილი იყოს.

„ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე ამომწურავი და ყველაზე გამჭვირვალე სია, რაც განამტკიცებს სრულად იმ მთავარ პრინციპს, რასაც ჰქვია ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა“, - განაცხადა ზურაბ სანიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ აწვდის, ხოლო საარჩევნო პერიოდში გადასცემს მოთხოვნის შესაბამისად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო