საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისების ამოქმედება, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები - ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და ესპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ხორხე ლუჩინმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ესპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გააცნო საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული ვითარება, მათ შორის, დარგში კოვიდ-ის მართვის კუთხით.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ახალ ტურისტულ ბაზრებზე მისი პოპულარიზების მიმართულებით, ხოლო ესპანეთი, ისევე როგორც ზოგადად ევროკავშირის ქვეყნები, პრიორიტეტულ ბაზრებს წარმოადგენს.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ესპანეთთან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში.