ეკატერინე ტიკარაძე  რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით.

„რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19-ის საწინააღმდეგო პროცესებში პირველივე დღიდანაა ჩართული. სამედიცინო დაწესებულებაში აცრის ჩატარება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

ვაქცინაციის კამპანიის “მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის” ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

მხარეებმა მასობრივი ვაქცინაციის მნიშვნელობასა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს. განიხილეს ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აქტივობაც. მინისტრმა პანდემიის დასრულებისთვის, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმუნიზაციის პროცესში სოფლის ექიმების როლი გამოყო“, - აცხადებენ უწყებაში.

ღონისძიებას 50-მდე სამედიცინო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ვაქცინაციის ტემპი საქართველოს მასშტაბით დამაკმაყოფილებელია. ამ მხრივ თბილისი და აჭარა ლიდერობს. სამეგრელოში ვაქცინირებული მოსახლეობის 11%-ია. ეს არ არის დამაკმაყოფილებელი და მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია. ამ მიზნით ვიმყოფებოდი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია სოფლის ექიმების გააქტიურებაც და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ეპიდემიოლოგიური ვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციასთან ერთად მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან.

უწყების ხელმძღვანელმა 60 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად, მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან. რაც შეეხება მეხუთე ტალღას, ამასთან დაკავშირებით გარკვეული საუბრები არის სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ამ ეტაპისთვის საქართველოში ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ არაერთი კვლევა გვაქვს ჩატარებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი. ძირითადი რისკის მატარებლები 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები არიან. მათი ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ინფიცირების შემთხვევაში მათ კლინიკა და რეანიმაცია ესაჭიროებათ . მაღალია ლეტალობის მაჩვენებელიც“, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ცნობისთვის, ვაქცინაციის კამპანია “მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის” მსოფლიო ბანკის Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის მხარდაჭერით იმართება.

ვაქცინაციის კამპანიის გამართული საინფორმაციო შეხვედრები მოიცავს ყველა რეგიონს და Covid-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

კამპანია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია