„ქართული ოცნება“ - იკვეთება ტენდენცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში აღწერილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც ემყარება დაინტერესებული მხარის ან მესამე პირის მიერ მოყოლილ ამბავს და სუბიექტურ აღქმებს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მომზადებული 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშებში მოყვანილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, 2021 წლის 3 აგვისტომდე მოხდა, ამ პერიოდში კი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი ზედმეტია.

როგორც პაპუაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ისინი მოუწოდებენ ორგანიზაციებს, საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ აღნიშნონ მათ ანგარიშებში, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო 3 აგვისტოს და მანამდე მოყვანილი შემთხვევები ვერ იქნება საარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევა.

„ჩვენი გუნდის მიერ გაანალიზდა სამი ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „სამართლიანი არჩევნებისა“ მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები, რის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

1. სამივე შუალედურ ანგარიშში, რომელიც უნდა მოიცავდეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ ფაქტებს, მოყვანილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც მოხდა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ანუ 2021 წლის 3 აგვისტომდე. მაგ. საია-ს ანგარიში იწყება 1-ელი მაისიდან, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და ისფედ-ის ანგარიშები 1-ელი ივნისიდან, ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე. ამ პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ზედმეტია. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციები, ნაცვლად საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევისა, საუბრობენ ისეთი ახალი ტერმინებით, როგორიცაა მაგ. “ამომრჩეველთა გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობა“ და შემთხვევებს მის დარღვევად აფასებენ. ამ ლოგიკით, არასაარჩევნო პერიოდში, მთავრობის ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება შეფასდეს როგორც ამომრჩევლის გულის მოგება, რაც ცალსახად არასწორია და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, თითქოს რაიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ აღნიშნონ მათ ანგარიშებში, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო 3 აგვისტოს და მანამდე მოყვანილი შემთხვევები ვერ იქნება საარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღევა.

2. სამივე ანგარიშში ზოგად ტენდენციას წარმოადგენს, რომ ხშირად ხდება მითითება, რომ „გამოვლენილი დარღვევები, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას“. ამგვარი განცხადებები, საზოგადოებისთვის ბუნდოვანს ხდის კონკრეტულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჩაიდინა კანონდარღვევა, თუ მისი ქმედება უბრალოდ არ შეესაბამება კონკრეტული ორგანიზაციის მიერ დადგენილ შიდა სტანდარტს. უნდა აღინიშნოს, რომ სულ ორი თვის წინ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, ჩატარდა საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც პარლამენტის მიერ თითქმის სრული კონსენსუსით იქნა მიღებული. ამ რეფორმის პროცესში ყველა საკითხი, რაც უნდა ყოფილიყო აკრძალული კანონმდებლობით, აიკრძალა კანონმდებლობით. შესაბამისად, რეფორმიდან ორი თვის თავზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან კიდევ დამატებითი კრიტერიუმებით პარტიების აქტივობების შეფასება და ამის ისე წარმოჩენა, თითქოს ისინი კანონდარღვევას წარმოადგენენ, ჩვენი შეფასებით, არ პასუხობს კეთილსინდისიერი დაკვირვების სტანდარტს. ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაწყვეტენ დამატებითი კრიტერიუმებით შეაფასონ პოლიტიკური სუბიექტების ქმედებები, გააკეთონ ეს გამჭვირვალედ და საზოგადოებისთვის აღქმადი გახადონ, მათი დასკვნის რომელი ნაწილი შეეხება საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებს და რომელი ნაწილი არის მათი ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტის. ეს განსაკუთრებით შეეხება კანონმდებლობის დარღვევების და ორგანიზაციის შიდა სტანდარტის დარღვევების ერთ სტატისტიკაში გაერთიანებას, რაც წარმოშობს ცრუ აღქმას დარღვევების რაოდენობასა და სიმძიმესთან დაკავშირებით.

3. ასევე იკვეთება ტენდენცია, რომ ანგარიშებში აღწერილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც ემყარება მხოლოდ დაინტერესებული მხარის ან მესამე პირის მიერ მოყოლილ ამბავს და სუბიექტურ აღქმებს, ისე რომ არ იკვეთება რაიმე ირიბი მტკიცებულებაც კი. ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, იხელმძღვანელონ მტკიცების მინიმალური სტანდარტით მაინც, რომ მათი ანგარიშები უნებლიედ არ გახდეს დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტი.

4. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ორგანიზაციებმა მათი ანგარიშებიდან ამოიღონ ის შემთხვევები, რომლებიც უკვე დადგინდა, რომ დარღვევას არ წარმოადგენენ, რაც ჩვენი დაკვირვებით, ჯერჯერობით არ ხდება. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გვინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ორგანიზაცია „სირცხვილიას“ და „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის“ მიერ შექმნილ ე.წ. „სამოქალაქო საარჩევნო კომისიას“, რომლის კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენს 9 სექტემბრის ბრიფინგზე დოკუმენტურად დავადასტურეთ. ნიშანდობლივია ასევე, რომ ამ ინიციატივის დაფინანსების წყარო დაფარულია. აშკარაა, რომ ეს ორგანიზაციები სრულად არიან მომართული არჩევნების დისკრედიტირებისკენ და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არჩევნების საბოტაჟისთვის საფუძვლის მომზადებისკენ. ამიტომ, მივმართავთ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინონ დაინტერესდნენ ამ ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების და საქმიანობის მიზნების მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს