პრემიერი - სააკაშვილს აგვისტოში წამოსცდა, რომ ჰქონდათ რაღაც მასალები, კომპრომატები ეკლესიის წინააღმდეგ, გავრცელების მიზეზი იყო უთანხმოება მთავრობასა და ეკლესიას შორის

მთელი საარჩევნო კამპანია ისე გავიდა, ისე მივედით არჩევნების თარიღამდე, რომ არავითარი საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ „ნაცმოძრაობას", სააკაშვილს და ოპოზიციას მთლიანად. რატომ? იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვთ - არც საარჩევნო პროგრამა, არც დაპირება, არავითარი ხედვა, ნული; სააკაშვილს აგვისტოში წამოცდა, რომ მათ ჰქონდათ რაღაც გარკვეული მასალები, კომპრომატები ეკლესიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, დასმული კითხვის საპასუხოდ, „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ უკანონო მოსმენების დასრულება იყო.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საიდუმლო სამსახურები ყველა ქვეყანაში არის შექმნილი. ბუნებრივია, ყველა სახელმწიფოს სჭირდება შესაბამისი სტრუქტურები.

რაც შეეხება გავრცელებულ მასალებს, უნდა დადგინდეს, მოხდეს ავთენტურობის შესწავლა. ამას სჭირდება შესწავლა. თუ არ ვცდები, 70 ათასი ფაილი არის ატვირთული, ეს არის ცნობები, მე და თქვენ რომ დავსხდეთ და „ვორდის" ფაილში ცნობები დავწეროთ, ჩვენც შეგვიძლია ძალიან მარტივად ახლა გავაკეთოთ ცნობა, ავტვირთავთ და ვიტყვით, რომ მე და ბატონმა დავით კაკულიამ ვისაუბრეთ გადატრიალებაზე და ა.შ. ეს შემდეგ გამოვიდეს სააშკარაოზე და ჩვენ დავიწყოთ თავის მართლება, რომ ეს ნამდვილად ვთქვით თუ არ ვთქვით. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ტყუილს შევურევთ, 95% იქნება ტყუილი, 5% იქნება სიმართლე, რომ მე და თქვენ ნამდვილად შევხვდით და დღეს ნამდვილად შევხვდით. აი, ეს ტყუილ-მართალია არეული. ამას გარდა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჯერ ერთი, არავის დაუდგენია, რომ ამ ატვირთული ცნობებიდან 1% იქნება, 2 თუ 3%, ნამდვილად არის კანონიერი მოსმენების საშუალებით მიღებული ცნობები. მიზეზი ამ ყველაფრის იყო, რომ მთელი საარჩევნო კამპანია ისე გავიდა, ისე მივედით არჩევნების თარიღამდე, რომ არავითარი საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ „ნაცმოძრაობას", სააკაშვილს და ოპოზიციას მთლიანად. რატომ? - იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვთ - არც საარჩევნო პროგრამა, არც დაპირება, არავითარი ხედვა, ნული. რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ ამის თაობაზე. სააკაშვილს აგვისტოში წამოცდა, რომ მათ ჰქონდათ რაღაც გარკვეული მასალები, კომპრომატები ეკლესიის წინააღმდეგ. მიზეზი იყო, რომ მომხდარიყო ერთის მხრივ უთანხმოების ჩამოვარდნა მთავრობასა და ეკლესიას შორის. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ჩვენი ღრმა პატივისცემა ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ფარისევლური და მოღალატეობრივი ქმედება უნდა ვუწოდო ამას, როცა პარტიული ტელევიზიები ყოველდღიურად პროპაგანდისტული მეთოდით, ეტაპობრივად, წვეთ-წვეთად აწვდიან მოსახლეობას ამ უინტერესო, გაუგებარ, შეთხზულ ცნობებს“.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ ახდენენ ამ პროპაგანდას და ტირაჟირებას.

„ტვ პირველი" „მთავარი არხი", „ფორმულა", მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ესენი არიან პარტიული ტელევიზიები. სააკაშვილის მიერ მართული. სხვებიც არიან ჩართულები, მაგალითად, მამუკა ხაზარაძე, რომელიც „ტვ პირველს" აფინანსებს რაღაც გარკვეული დოზით, იქ ბატონი წერეთელი და სხვები, მაგრამ ეს რეალურად ფინანსდება სააკაშვილის და კეზერაშვილის მხრიდან. ამ ტელევიზიებში გამოდიან და თითქოს ძაბავენ ვითარებას, როგორ კადრულობს ამას მთავრობა, უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს და ა.შ. გამოხატავენ აღშფოთებას. ფარისევლური და მოღალატეობრივი ქმედება უნდა ვუწოდო ამას, როცა ყოველდღიურად პროპაგანდისტული მეთოდით, ეტაპობრივად, წვეთ-წვეთად აწვდიან მოსახლეობას ამ უინტერესო, გაუგებარ, შეთხზულ ცნობებს. ყოველ დღე გამოდიან და მიზანმიმართულად აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას. ავრცელებენ მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი შინაარსის ცნობებს, სხვადასხვა სპეკულაციები შემოქვთ, რომ დააბნიონ საზოგადოება. რა დგას ამის უკან? რა უნდათ მათ რეალურად? მათ უნდათ ეკლესიის და საპატრიარქოს დისკრედიტაცია. ივლისში როცა იყო აქციები, გამოვიდნენ და დიდი ბანერი გაშალეს, აღარ გავიმეორებ იმ სიტყვას - საპატრიარქო ყარსო და დასაჭერია პატრიარქი და მეუფეები და ა.შ. ეს ხალხია სამწუხაროდ. რა ქვია ამას? ამას ჰქვია მტრობა ქვეყნის შიგნით. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი გამოწვევა", - განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, დადგება თუ არა მოქმედი, ან ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს შესწავლა და არაფერი არ არის გამორიცხული.

„აქედან რა არის ფაბრიკაცია და ვიცით რა, გავეცანით რა მასალებს და მე ინფორმაცია მოვისმინე, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურებიდან და გამოძიების სამსახურებიდანაც, შუალედურ ინფორმაციას მოვუსმინეთ და ვიცი, რომ 90%, მეტი თუ არა, მანდ არის ფაბრიკაცია და დადგმული, გაკეთებული, შედგენილი ცნობები არის, რომლის გაკეთებაც ძალიან მარტივი, პრიმიტიულია. რა თქმა უნდა, რაღაც ტყუილ-მართალი შეიძლება იყოს არეული, აღრეული და საზოგადოების დასაბნევად არის ეს ყველაფერი მოფიქრებული", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მასალებზე წვდომასთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს.

"ბევრი ვერსია მოვისმინეთ, მათ შორის ის, რომ შეიძლება წვდომა ჰქონოდათ გახარიას და ვიღაცებს, არ მინდა, გვარები ჩამოვთვალო და თავის დროზე სისტემა და სახელმწიფო გუნდი ენდო ამ ადამიანებს და ჩააბარა სახელმწიფო საიდუმლოება; თუ ამათგან, მე დაშვებას ვაკეთებ ამ შემთხვევაში, ვიღაცებმა გაიტანეს, ან მოსყიდვით, ან არ ვიცი რა მეთოდებით, ეს ინფორმაცია გახადეს საჯარო, ეს არის ჩვეულებრივად დანაშაული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს