ვარლამ ჩერქეზიშვილის 175 წლის იუბილე აღინიშნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში XIX-XX საუკუნეების ცნობილი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის 175 წლის იუბილე აღინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, იუბილესთან დაკავშირებით, თსუ პროფესორმა, მკვლევარმა გოჩა ფერაძემ თსუ მუზეუმს ვარლამ ჩერქეზიშვილთან დაკავშირებული რამდენიმე ექსპონატი გადასცა.

როგორც თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა აღნიშნა, ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ კვლევების დაწყება მხოლოდ მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მისი თქმით, თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის მხარდაჭერით, დღეს უკვე არსებობს ქართველ მეცნიერთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იკვლევს ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებას.

„მნიშვნელოვანი დღეა უნივერსიტეტისთვის. როდესაც ილია ჭავჭავაძე დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს გაერთიანებისთვის იღწვოდა, ამ პერიოდში ვარლამ ჩერქეზიშვილი იყო ის ძალა, ვინც ევროპაში მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებდა იმისთვის, რომ საქართველოს ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა ევროპასა და ევროპულ კულტურაში,“ - განაცხადა ნინო ოკრიბელაშვილმა.

ქართველ მეცნიერთა სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი უკვე მიენიჭა საგარეჯოს ერთ-ერთ ქუჩას და მის მშობლიურ სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლას.

ჯგუფის წევრის, თსუ პროფესორ გოჩა ფერაძის ინფორმაციით, ქართველმა თერგდალეულებმა, ხალხოსნებმა, სოციალ-ფედერალისტებმა, ეროვნულ-დემოკრატებმა და თვით სოციალ დემოკრატებმაც, კი რომლებთანაც პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა, აღიარეს ვარლამ ჩერქეზიშვილის გამაერთიანებელი როლი ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ და ზოგადად, „ეროვნულ მოძრაობაში“.

„დღეს, როდესაც საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, პიროვნების შესახებ, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა სახელმწიფო ინტერესების დაცვას, ქართველმა საზოგადოებამ არაფერი იცის. მიუხედავად იმისა, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილი მეფის რუსეთის წლებში იდევნებოდა მეფის რუსეთის მიერ, საბჭოთა ხელისუფლების დროს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ, როგორც ანტი მარქსისტი, ყველაფერს აკეთებდა ჩვენი ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა გოჩა ფერაძემ.

როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნავენ, ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობიდან რამდენიმე საინტერესო ფაქტს შეიძლება ხაზი გაესვას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. კერძოდ, ვარლამ ჩერქეზიშვილმა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველ სოციალ-ფედერალისტებთან ერთად დაიწყო ბრძოლა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოსთვის ავტონომიური თვითმმართველობის უფლების მოსაპოვებლად (ეროვნული ადმინისტრაცია, ქართულენოვანი მართლმსაჯულება, განათლება მშობლიურ ენაზე, ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და სხვა);

„1907 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით მომზადდა და ჰააგის სამშვიდობო კონფერენციას წარედგინა პეტიცია საქართველოსთვის ავტონომიის მოთხოვნით; 1908-1910 წლებში ის აქტიურ მონაწილეობას იღებს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის პროცესში. როდესაც ქართველ ავტოკეფალისტებთან ერთად მან მოამზადა მიმართვის ტექსტი „ივერთა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ“ მსოფლიო პატრიარქის სახელზე, რომელიც პირადად ჩაუტანა ჯერ მოსკოვში ცნობილ კანონისტ ნიკოლოზ დურნოვს რედაქტირებისთვის, ხოლო შემდეგ ისევე როგორც თავის დროზე პეტიცია ჰააგის კონფერენციისთვის, თავადვე წაიღო მიმართვა თურქეთში კონსტანტინოპოლის პატრიარქისთვის გადასაცემად;

1914-1918 წლებში კი ჩერქეზიშვილი ეროვნულ-დემოკრატების დამფუძნებლებთან ერთად „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის“ მეშვეობით ცდილობდა ევროპელი პარტნიორების დახმარებით პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და რუსეთის იმპერიისგან თავის დაღწევას;

ვარლამ ჩერქეზიშვილის დახმარება საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობისადმი 1919-1921 წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც გაგრძელდა. მის მიერ სპეციალურად პარიზის საზავო მოლაპარაკებებისთვის, ფრანგულ ენაზე დაწერილი ბროშურა „La Georgia”, რომელშიც საქართველოს მდიდარ სახელმწიფოებრივ წარსულზეა საუბარი და მის ისტორიულ უფლებაზე ყოფილიყო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, თამამად შეიძლება ითქვას ვარლამის ეს ნაშრომი ქართული დელეგაციის სავიზიტო ბარათად იქცა მოლაპარაკებების პროცესში.

1921 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენების დროს 75 წლის ვარლამ ჩერქეზიშვილი ქართველ იუნკერებთან ერთად იცავდა კოჯრის მისადგომებს საბჭოთა საოკუპაციო ჯარებისგან. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი, ფიზიკური განადგურების რეალური საფრთხის გათვალისწინებით ის თავის ჰოლანდიელ მეუღლესთან, ცხოვრების ერთგულ თანამგზავრთან ქალბატონ ფრიდა რუპერტუსთან ერთად კვლავ თავის მეორე სამშობლოდ ქცეულ ინგლისში დაბრუნდა.

როგორც გრიგოლ რობაქიძე იხსენებდა, 79 წლის ასაკში, გარდაცვალების წინ ვარლამს, რომელიც თავისუფლად ფლობდა რამდენიმე ევროპულ ენას, ყველა ენა დაავიწყდა და ქართულად დაუწყია ლუღლუღი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი უახლოეს მომავალში სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილის ლონდონიდან საქართველოში გადმოსვენების საკითხზე იმსჯელებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს