პროკურატურის ინფორმაციით, ვერაზე, ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ორი პირის მიმართ ბრალის წარდგენის თაობაზე დადგენილება გამოტანილია

ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ორი პირის მიმართ ბრალის წარდგენის თაობაზე დადგენილება გამოტანილია, - აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ნ.კ.-ს ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარებისთვის, ორი პირის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალის წარდგენის თაობაზე და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ ნ.კ.-ს მოკვლა განიზრახეს, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასევე, 2021 წლის 14 სექტემბერს ნ.ბ.-სგან ავტომობილი იქირავეს.

15 სექტემბერს, ა.ჭ. და გ.კ. ვ.ანჯაფარიძის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც პირად საქმეზე ნ.კ. იმყოფებოდა. დანაშაულებრივი განზრახვის, კერძოდ, ნ.კ.-ს ჯგუფურად განზრახ მოკვლის სისრულეში მოყვანის მიზნით, ავტომობილიდან გადასული ა.ჭ. ნ.კ.-ს დაბრუნებას დაელოდა, ხოლო მისი თანამზრახველი გ.კ. დარჩა ავტომობილის საჭესთან.

პირადი საქმის დასრულების შემდეგ ნ.კ. დაბრუნდა ავტომობილთან, რა დროსაც მას ზურგის მხრიდან შეიარაღებული ა.ჭ. მიუახლოვდა და განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე ზურგში ესროლა. ნ.კ. თავდამსხმელისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ა.ჭ. დაედევნა და კვლავ განაგრძო სროლა მისი მიმართულებით, რა დროსაც მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები.სროლის დასრულების შემდეგ, ა.ჭ. გაიქცა და გ.კ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, თანამზრახველთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე შეკრებილმა ადამიანებმა ნ.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული დაზიანებების შედეგად გ.კ. გარდაიცვალა. ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) დაუსწრებლად წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალის დაზუსტება.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.დანაშაულში მონაწილე პირების - ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს დაკავების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში .

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს