ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გავრცელებულ ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ გავრცელებული მასალების ავთენტურობა დადასტურდება, პრემიერ-მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თანამდებობა უნდა დატოვონ.

მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი.

„იცით, რომ მე ღიად მოვუწოდე პროკურატურას, დავკითხულიყავი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დამედასტურებინა ჩემი საუბარი სასულიერო პირებთან, რომელიც ამ უკანონო, მრავალათასიანი ფაილებით გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს არის კანონის უხეში დარღვევა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ ჩანაწერების ავთენტურობას. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ უნდა იყოს გამოძიებული ძალიან სწრაფად და ავთენტურობის დადასტურებისთანავე ქვეყნის მეთაური და ამ შემთხვევაში, სუს-ის ხელმძღვანელი უნდა გადადგეს. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ შექმნილი მდგომარეობიდან. ასევე, კატეგორიულად ვგმობ ამ ფაილების საჯაროდ ტრიალს იმიტომ, რომ ეს საზოგადოების დაპირისპირებას იწვევს. კატეგორიულად ვგმობ იმ ფაქტს, რომ უსმენენ პატრიარქს, უსმენენ აღსარების საიდუმლოებას, ჩვენს სასულიერო პირებს და ეკლესიას, ამით ახდენენ ჩვენი ეკლესიის დისკრედიტაციას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურები არ არსებობს. 2 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, რათა „ქართული ოცნება“- პოლიტიკური ვირუსი დავამარცხოთ ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩავაყენოთ ქვეყნის სამსახურში და არა საკუთარი მოქალაქეების საწინააღმდეგო სამსახურში. მოვუწოდებ ყველას, ვინც თავისი თავი ამოიცნო ამ უკანონო ჩანაწერებში, ყველამ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. არ შეძლება, რომ ეს ქვეყანა დავუტოვოთ საჯიჯგნად ისეთ ადამიანებს, რომლებიც უხეშად ერევიან ადამიანის პირად ცხოვრებაში, არღვევენ კონსტიტუციას და ადამიანთა უფლებებს“,- განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, სასამართლო და პროკურატურა მითვისებული აქვს "ქართულ ოცნებას", რომელმაც ეს ორი ინსტიტუტი წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა.

"ეს ჩაკეტილი წრე 2 ოქტომბერს უნდა დავამთავროთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მოხდეს გადატვირთვა. რეალურად ქვეყნის სათავეებთან უნდა მოვიდნენ ის ადამიანები, რომელთაც უყვართ ეს ქვეყანა და შეუძლიათ სუფთად მუშაობა და კანონის აღსრულება", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, სუს-ის არქივიდან გავრცელებული ფარული ჩანაწერების ფაქტზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.

"აღნიშნულ რიგგარეშე სხდომაზე უნდა მოიწვიონ პრემიერ-მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი და ყველა ამ კითხვას პასუხი უნდა გაგვცენ. სხვა შემთხვევაში ეს იქნება უბრალოდ ემოციის გამოვლინება, რამდენიმე დღე საზოგადოება ტელევიზორებთან დაიზაფრება და ამას რეაგირება არ მოჰყვება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ პასუხისმგებლობის დაკისრებას და მოთხოვნის მექანიზმის შექმნას. გამოძიების ობიექტურობა დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, რადგან მე არ მჯერა ამ პროკურატურისა და სასამართლოსი, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ მივიღოთ ახალი სასამართლო სისტემა და პროკურატურა. ბუნებრივია, ამას დასჭირდება დრო და მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნები", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ უკვე გამოკითხა ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტი ელისო კილაძე. დაიკითხნენ სხვა ჟურნალისტებიც.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო