თეა ახვლედიანმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა განყოფილების ხელმძღვანელთან და საქართველოში შვეიცარიის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა განყოფილების ხელმძღვანელ სიმონ გაისბიულერსა და საქართველოში შვეიცარიის საქმეთა დროებით რწმუნებულთან კრისტიან შონენბერგერთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა შვეიცარიელ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

თეა ახვლედიანმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე; განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგორის რაიონში ე.წ. გადასასვლელების ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, ასევე გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სათანადო რეაგირებისა და მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

სახელმწიფო მინისტრმა შვეიცარიის დელეგაციას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგებისა და სამომავლო ხედვების თაობაზე, რაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობასა და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში სახელმწიფო მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს