ირაკლი კობახიძე - თავის დროზე კონკრეტული პირები, საუბარია სუს-ის უფროსის მოადგილეებზე, რომლებიც გადავიდნენ ოპოზიციაში, ფლობდნენ გარკვეულ ინფორმაციას

თავის დროზე კონკრეტული პირები, საუბარია სუს-ის უფროსის მოადგილეებზე, რომლებიც გადავიდნენ ოპოზიციაში, ფლობდნენ გარკვეულ ინფორმაციას. მათ კანონიერი გზებით უამრავი ინფორმაციის მიღება და შეგროვება შეეძლოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის მზადაა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის.

„ჩემ ნაწილშიც იმდენად ღიმილის მომგვრელია ეს ინფორმაცია, რომელიც იმ ფაილებიდან გავრცელდა, ჯამში 4 ინფორმაცია იყო. ასევე დააკვირდით იმას, რომ არცერთი საუბრის ე.წ. ფიგურანტი არ არის არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც გახარიას წარმომადგენელი. აქაც ბევრი ნიშანდობლივი რამ შეგიძლიათ ამოიკითხოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სუს-ის უფროსის მოადგილეებს შეიძლება ჰქონოდათ კონკრეტული ინფორმაცია. როდესაც ამის შემდეგ უერთდები რადიკალურ ოპოზიციას და შენს მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მოპოვებულ ინფორმაციას ოპოზიციური პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა. ამაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ შესაბამისი პირი, არამედ მისი უფროსიც. პირველ რიგში, ვგულისხმობ ხოჯევანიშვილს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ასეთ სენსიტიურ საკითხებზე პოლიტიკური სკეპულაციების აგება არის არასახელმწიფოებრივი მიდგომის შედეგი.

„გამომდინარე იმ ლოგიკიდან, რაც იკითხება, კონკრეტული ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაციებიდან, მაქვს საფუძველი, რომ კონკრეტულ პირზე მქონდეს ეჭვები. ეს პირი უკვე დაგიკონკრეტეთ. სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, სუს-ის უფროსთან მაქვს კონტაქტი და ვცვლით ინფორმაციებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული პირების მხრიდან ძალიან დიდი მოლოდინი იყო, რომ ამ ქაღალდების გადმოგდებით ისინი შეძლებდნენ საარჩევნო პროცესებში მათთვის სასარგებლო ცვლილების შეტანას, მაგრამ ეს ყველაფერი მარტივი მიზეზის გამო ჩაუვარდათ - ერთი, რომ გაუგებარი ქაღალდები გამოაგდეს და მეორე - აბსოლუტურად უინტერესოა ეს ინფორმაცია, რაც გამოიტანეს.

ადამიანების პირად ცხოვრებას „ნაციონალური მოძრაობა“ ქექავს. საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებითა და ტელევიზიებით არის რადიკალური ანტისაეკლესიო და ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება. შესაბამისად, დისკრედიტაციის მსჯელობა არის მათი ყოველდღიური საქმიანობის შემადგენელი ნაწილი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს