ცესკო-ს თავმჯდომარე - მწუხარებას გამოვთქვამ იმის თაობაზე, რომ საკონსულტაციო საბჭო დაიშალა

მწუხარებას გამოვთქვამ იმის თაობაზე, რომ საკონსულტაციო საბჭო დაიშალა, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო საბჭოს დაშლის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ცესკო ვერ ჩაერეოდა პროცესში, რათა საბჭოს მუშაობა გაეგრძელებინა.

„პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამ იმის თაობაზე, რომ საკონსულტაციო საბჭო დაიშალა. დაშლის მიზეზი, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გახლავთ ის, რომ 6 წერილობითი განცხადება შემოვიდა საარჩევნო ადმინისტრაციაში და ასევე ერთი ზეპირი განაცხადი იმის თაობაზე, რომ საკონსულტაციო საბჭოს წევრები უარს აცხადებდნენ სხვადასხვა მიზეზებით საკონსულტაციო საბჭოში მუშაობაზე. სამწუხაროა, რომ ამ ჯგუფმა ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება ამ მიზეზით და არ არსებობდა ბუნებრივია სხვა სამართლებრივი გარემოებები, რომელიც ჩვენ მოგვცემდა იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ამ მხრივაც შეგვეწყო საკონსულტაციო საბჭოს მუშაობისთვის ხელი. როგორც იცით, ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად დისტანცირებული და ეს იყო დამატებითი მექანიზმი, რომელიც საარჩევნო რეფორმიდან გამომდინარეობდა და უზრუნველყოფდა გარკვეული რეკომენდაციების წარდგენას, როგორც ცესკო-სთვის, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის. სამწუხაროა ის, რაც მოხდა",- განაცხადა კალანდარიშვილმა.

უკავშირდება თუ არა საბჭოს დაშლა პოლიტიკურ პროცესს, კალანდარიშვილი ამბობს: „ადმინისტრაცია ხედავს ყველაფერს სამართლებრივ ჭრილში, ჩვენთვის ამომავალი არის სამართლებრივი პროცედურები, ის მექანიზმები, რასაც საარჩევნო კანონმდებლობა ამ შემთხვევაში ითვალისწინებს".

„აქედან გამომდინარე კომისია ხელმძღვანელობს იმ კანონმდებლობით განსაზღვრული წესებისა და პროცედურების მიხედვით, რომელიც დღეს მოქმედებს",- განაცხადა კალანდარიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს