კახა კალაძე - საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ეს არ არის მხოლოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები, ესენია კონკრეტული პროექტები

საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. ეს არ არის მხოლოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები. ესენია კონკრეტული პროექტები, კონკრეტული ხედვა და რაც მთავარია, ვართ ის ადამიანები და ის გუნდი, ვინც იცის, როგორ განახორციელოს ეს პროექტები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მისი პროგრამა კონკრეტული ხედვისგან და პროექტებისგან შედგება.

„საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. ეს არ არის მხოლოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები. ესენია კონკრეტული პროექტები, კონკრეტული ხედვა და რაც მთავარია, ვართ ის ადამიანები და ის გუნდი, ვინც იცის, როგორ განახორციელოს ეს პროექტები. ამის თქმის უფლებას მაძლევს განვლილი ოთხი წელი და ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა, ცხადია, არსებობს გამოწვევები. ღირსეულად რომ ვუპასუხოთ მათ, სწორედ ამიტომ, ის პროექტები უნდა განვახორციელოთ, რაზეც ვსაუბრობთ ამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა პირველ რიგში გამოყო ურბანული პოლიტიკა, კერძოდ კი დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულება.

„აუცილებლად მოხდება ყველა ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია-განახლება, ასევე, ათასზე მეტი ქუჩის მოწესრიგება, თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ასევე, მნიშვნელოვანია ძველი თბილისის განახლება. ეს არის ის მიმართულება, რომლითაც ვამაყობთ ამ ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანი. ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს: ორბელიანის მოედნის განახლება, დარეჯანის სასახლე, გუდიაშვილის მოედანი, რომლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი რამდენიმე დღეში დამთავრდება. რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავალამაზოთ ჩვენი ძველი თბილისი და აღვადგინოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება სატრანსპორტო და გარემოს დაცვის პოლიტიკების მიმართულებით.

თბილისს აქვს რესურსი იმისა, რომ კიდევ უფრო მწვანე გავხადოთ ჩვენი ქალაქი, კიდევ უფრო მეტი სიმწვანე შევიტანოთ თითოეულ უბანში. შესაბამისად, თხუთმეტი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა იგეგმება, ასევე გაგრძელდება სკვერების რეაბილიტაცია და რეკრეაციული ზონების აღდგენა. კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი პროექტია 300 ჰექტარი ტყის აღდგენა, რისთვისაც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენი ქალაქისთვის ეს არის სასუნთქი ფილტვები და მისი აღდგენა პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე საუბრისას განსაკუთრებით გამოყო ახალი პროგრამები, რომლის განხორციელებასაც ის გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს, მათ შორისაა „არცერთი უსახლკარო თბილისელი“, რომლის ფარგლებში მერობის კანდიდატი, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ოთხასი უსახლკარო ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას აპირებს.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებისთვის შესაბამისი სერვისების განხორციელებაზე, მათ შორის სხვადასხვა სივრცეების, ცენტრებისა და ჰაბების მოწყობაზე.

მისივე თქმით, ჩამოთვლილი პროექტების განხორციელება შეუძლებელია სწორი მართვის გარეშე, რასაც დღევანდელი პრეზენტაცია მიეძღვნა.

„ის რაზეც ვსაუბრობთ, შეუძლებელია გაკეთდეს, თუ არ არსებობს სწორი მართვა. შესაბამისად, ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც იცის, როგორ უნდა გააკეთოს, რომელიც პირდება და აკეთებს. მერიაში ჩემი მოსვლიდან აქამდე 400 მილიონით არის გაზრდილი დედაქალაქის ბიუჯეტი, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. თბილისის ბიუჯეტი უნდა გახდეს ორ მილიარდამდე, მილიარდ შვიდასი მილიონი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ, მეტ ადამიანს დავუდგეთ გვერდში. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით, განსაკუთრებით, ამ რთულ პანდემიურ ვითარებაში. ამ პოლიტიკის ნაწილია ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, რათა ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ღია მმართველობის პროექტები. მუნიციპალური სერვისები ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაუმჯობესეთ და არის რესურსი, რომ ის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, პრეზენტაციას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს