შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სოციალური მედიის მონიტორინგით გამოიკვეთა, რომ მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლების განწყობაზე ზემოქმედებას

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიის სოციალური მედიის მონიტორინგის ჯგუფის მიერ ჩატარებული სოციალური მედიის მონიტორინგით გამოიკვეთა, რომ მიმდინარეობს პარტიის წარმომადგენლების დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლების განწყობაზე ზემოქმედებას.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ასევე მიმდინარეობს ეკლესიის, პატრიარქის დისკრედიტაცია და კორონავირუსის თემით მანიპულირება.

„ქართული ოცნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის ჯგუფი აწარმოებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგს. მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენენ სოციალურ მედიაში არსებული პარტია „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მადისკრედიტირებელი არაავთენტური რესურსები.

ანგარიშში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ გვერდებს, რომლებიც თავისი ქცევიდან გამომდინარე, ზიზღის ენის გამოყენებით და დეზინფორმაციის გავრცელებით, ახდენენ „ქართული ოცნების“ და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების დისკრედიტაციას, ცდილობენ ამომრჩეველთა განწყობებზე ზემოქმედებას და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას.

იგივე სახის კვლევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლენილი არაავთენტური გვერდების შესახებ ეცნობა “ფეისბუქის” ადმინისტრაციას. ისევე, როგორც 2020 წელს ახლაც, მთლიანი კვლევა რომელიც თითქმის 150 გვერდს მოიცავს გაეგზავნება „ფეისბუქის”ადმინისტრაციას, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

მონიტორინგის პროცესის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები: სოციალურ მედიაში ყალბი გვერდების და ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების აქტიურობა, ხშირ შემთხვევაში, შინაარსობრივად იდენტურია და კოორდინირებული ქცევით გამოირჩევა. ხელისუფლების წარმომადგენლების პოსტებზე, მათი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირია „ტროლების“ და „ბოტების“ მობილიზების შემთხვევები.

პირველადი დაკვირვების შედეგად აღმოჩენილია 1200-ზე მეტი არაავთენტური ტიპის ანგარიში. ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების, მათთან აფილირებული ავთენტური და ყალბი რესურების მადისკრედიტირებელი და ზიზღის ენის შემცველ ქცევას, ძირითადად სამი მიმართულება აქვს: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლების განწყობაზე ზემოქმედებას. ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაცია. კოვიდ 19-ის პანდემიის თემით მანიპულირება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და სხვა პარტიები არიან შემჩნეული ე.წ. ტროლების გამოყენებაში.

„დღეს რომ გამოდიან და მორალური პედესტალიდან საუბრობენ, არ მოსწონთ ბანერი, რომელიც განთავსებულია, ნახავთ, რა სურათებია განთავსებული, რა სახის ზიზღის ენის გამოყენება ხდება და ვინ მართავს, თავად „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, სხვა პარტიებიც არიან შემჩნეული ასეთი "ტროლების" გამოყენებაში, მართავენ ასეთ ჯგუფებს, თავად ავრცელებენ ასეთ შინაარსს. „ფეისბუქი“ ისეთივე საჯარო სივრცეა, როგორც ჩვენი ქვეყნის ქუჩები. ასე, რომ, იქ ვის აქვს ზიზღის ენა გამოყენებული, ამას უნდა დააკვირდეთ ყველა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა