ევროკავშირი, გაერო-ს ორგანიზაციები და ჯანდაცვის სამინისტრო ციფრული ჯანდაცვის ახალ პროექტს იწყებენ

ევროკავშირი, გაეროს ორგანიზაციები და ჯანდაცვის სამინისტრო ციფრული ჯანდაცვის ახალ პროექტს იწყებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ევროკავშირმა (EU), გაეროს ოთხმა ორგანიზაციამ, კერძოდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (MoIDPLHSA) ახალი ინიციატივა წამოიწყეს: „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით.“

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის და გაეროს ახალი ინიციატივის ფარგლებში, COVID-19-ის უსაფრთხოდ მართვის ხელშეწყობის მიზნით სოფლად 200 დაწესებულება ძირითადი აპარატურით აღიჭურვება, დამატებით 50 დაწესებულება - ტელემედიცინის აპარატურით, რაც ასევე უზრუნველყოფს შეუფერხებელ და ფართო წვდომას სამედიცინო სერვისებზე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის, ბავშვებისათვის რუტინული ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას.

ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის მუშაკების პოტენციალის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გადამზადების დისტანციურ კურსებში.

კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ „COVID-19 პანდემიასთან გამკლავებაში საქართველოს მოსახლეობის დახმარება, პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან,ევროკავშირის პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ამ ინოვაციური პროექტითა და გაეროს პარტნიორებთან თანამშრომლობით იმედი გვაქვს მივწვდებით საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს. კარგი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და იმედი გვაქვს ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ მიზნის მიღწევაში“, - განაცხადა ჰარცელმა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში საქარტველოს მოქალაქეები შეძლებენ არამხოლოდ კონსულტაციის მიღებას, არამედ შესაძლებელი ხდება, ვიწრო სპეციალისტების ჩართულობით, პაციენტებისთვის კონკრეტული დიაგნოზის დასმა და დანიშნულების გაცემა.

„ჯანდაცვის სამინისტროსთვის ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტი. პირველადი ჯანდაცვა ეს არის ის რგოლი რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების პირველად საჭიროებებს ჯანმრთელობის კუთხით და ეს აისახება როგორც პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე შემდგომში რა თქმა უნდა ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვაზე.

ჩვენ არ გვაქვს საუბარი მხოლოდ ტექნოლოგიებზე, ამ ტექნოლოგიებთან ერთად არის დაგეგმილი პერსონალის ინტენსიური გადამზადება, რომელიც ასევე არის დაწყებული, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების ხარისხს. ამ სიახლით ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ არამხოლოდ კონსულტაციის მიღებას, არამედ შესაძლებელი ხდება, ვიწრო სპეციალისტების ჩართულობით, პაციენტებისთვის კონკრეტული დიაგნოზის დასმა და დანიშნულების გაცემა. სამინისტრომ ძალისხმევით აღნიშნული უკვე დაინერგა 50 სოფლის ამბულატორიაში, ამ პროექტის დახმარებით კი წლის ბოლომდე 100-ზე მეტ ამბულატორიაში იქნება უკვე ტელემედიცინის აღჭურვილობა“, - აღნიშნა მინისტრმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პირველადი ჯანდაცვის დონეზე COVID-19-ზე დაუყოვნებელი რეაგირების გარდა, პროექტი მყარ და მდგრად საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის განვითარებას.

„ხელს შეუწყობს შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზისა და კლინიკური გაიდლაინების ჩამოყალიბებას, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო კურსების უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მუშაკებისა და მოსახლეობის მიერ ტელემედიცინის სერვისების გამოყენებას“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, COVID-19-ის შემთხვევების უსაფრთხოდ მართვის თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია ტელემედიცინისა და დისტანციური სამედიცინო სერვისების გამოყენება.

„ამავდროულად, ის უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისებზე შეუფერხებელ და ფართო წვდომას ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის პანდემიისა და პოსტკოვიდურ პერიოდში. პროექტი ხელს შეუწყობს COVID-19-ის კრიზისის უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას საქართველოს მოსახლეობასა და ჯანდაცვის სისტემაზე.

გრძელვადიან პერსპექტივაში ერთობლივი პროექტი ხელს შეუწყობს მდგრადი და ჯანსაღი პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ტელემედიცინის შესაძლებლობებით დაშორებულ პუნქტებში პაციენტებისათვის სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება პროექტს და მის მხარდაჭერას, ჯანდაცვის უწყების ცნობით, პროექტი „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“ მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენებას საქართველოში ტელემედიცინის სერვისების დანერგვა/განვითარებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.

„აღნიშნული დახმარება ქვეყანაში COVID-19-ზე რეაგირების მიზნებისთვის ევროკავშირისა და გაეროს მიერ გაწეული დახმარებისა და, ასევე, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის (UHC) პარტნიორობის ფარგლებში WHO-ს მიმდინარე ტექნიკური დახმარების განუყოფელი ნაწილია პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებისა და საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის განვითარების მხარდასაჭერად.

პროექტი გაეროს ოთხი პარტნიორის (WHO, UNFPA, UNICEF, UNOPS) მიერ განხორციელდება WHO-ს ხელმძღვანელობით, რომლებიც შესაბამის სფეროებში დაგროვილი საექსპერტო ცოდნითა და მაღალი ეფექტურობით ხელს შეუწყობენ ინიციატივის საერთო მიზნის, კერძოდ, ხარისხიანი ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის სერვისების საშუალებით ადამიანების ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის სისტემაზე COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირების მიღწევას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის უკეთ აღდგენას პოსტკოვიდურ პერიოდში.

ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა