ლევან დოლიძე - ელჩის დაბარება ნიშნავს, რომ ევროკავშირს აქვს სერიოზული კითხვები - დღეს მმართველ პარტიას თავდაცვით რეჟიმში უწევს ყოფნა

რადგან მოხდა ელჩის დაბარება, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს აქვს სერიოზული კითხვები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატოში და პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ლევან დოლიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

დოლიძის თქმით, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა არ არსებობს და მსგავსი ფაქტები, რაც ე.წ. ფარულ ჩანაწერებს და მის გავრცელებას უკავშირდება, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

"სამწუხარო მოვლენასთან გვაქვს საქმე, რადგან თუ თვეების წინ ევროკავშირთან ურთიერთობა სხვა პლატფორმაზე იყო აგებული, თუ იგეგმებოდა მნიშვნელოვანი რეფორმის ჩატარება, რომლის კულმინაცია უნდა ყოფილიყო განაცხადის გაკეთება გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დღეს მმართველ პარტიას, პირიქით, თავდაცვით რეჟიმში უწევს ყოფნა, რაც არის ძალიან სამწუხარო, განსაკუთრებით იმ სირთულეების და გამოწვევების, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს დგას.

არაერთი ნაბიჯი ვიხილეთ პარტია "ოცნების" მხრიდან, რაც სამწუხაროდ აზიანებს, როგოც ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ასევე აზიანებს ჩვენს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ტრაექტორია ყოფილა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში და ბევრი სირთულე გვქონია, არ მახსენდება აშშ-ს მხრიდან გაკეთებულ განცხადებაში, სიტყვა სანქცია, რაც იყო აშკარად პოლიტიკური მინიშნება და ერთგვარად შეიძლება ეს იყოს გაფრთხილება ჩვენი ხელისუფლების მიმართ.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, ბუნებრივია, ვიდრე არ იქნება მეტი დეტალი ცნობილი, თავად ინფორმაციასთან დაკავშირებით, მე კონკრეტიკაზე და მეტ დეტალზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რადგან მოხდა ელჩის დაბარება, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს აქვს სერიოზული კითხვები, რომელიც განპირობებულია არა მხოლოდ ნდობის ნაკლებობით სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ასევე იმ არაადეკვატური რეაგირებით, რომელიც ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოავლინა საქართველოს ხელისუფლებამ. ხელისუფლებამ გააკეთა საკმაოდ ბუნდოვანი მინიშნებები ფაილებთან დაკავშირებით, - ნაწილობრივ დაადასტურა, ნაწილობრივ არ დაადასტურა, თუმცა, ფაქტია, რომ ერთი მხრივ არარსებულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო ისრების გადატანა პოლიტიკურ ოპონენტებზე. რეალურად ჩვენ ბოლო პერიოდში, რასაც ვუყურებთ, შეიძლება ითქვას, რომ მმართველ პარტიას აქვს რეგრესი ყველა მიმართულებით, ერთადერთი პროგრესი რაშიც აქვთ ეს არის ზეწოლა პარტია "საქართველოსთვის" მომხრეებზე, - ეს არის წარმოუდგენელი ტყუილების გავრცელება და ჭორაობა", - განაცხადა ლევან დოლიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. ელჩი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და როგორც აღნიშნა, ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო