თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება, რომლებიც 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ტრაგედია მოხდა.

ადვოკატის, დავით დადიანის განცხადებით, აღნიშნულ საქმეში მოწმეთა ბაზა არის საკმაოდ ვრცელი, თუმცა მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის პირები დაიკითხონ, ვინც მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველია. მისივე თქმით, როგორც დაცვის მხარეს, გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

„ამ პროცესში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა და ბევრი თვითმხილველია, მოწმეთა ბაზა არის საკმაოდ ვრცელი, ხდება ამ მოწმეების დაკითხვა სასამართლოში. დღეს დაიკითხება ოთხი მოწმე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და გარკვეული ინფორმაციის მატარებლები არიან. საბოლოოდ რა შედეგი დადგება ამას ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც დაცვის მხარეს მაქვს გამართლების მოლოდინი“, - აღნიშნა დავით დადიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ.უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს