ხათუნა სამნიძე - რაც დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მოხდა, სრულიად მიუღებელია - ვიხილეთ ძალადობა და ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ სურს

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა წინასაარჩევნოდ ზიზღისა და დაპირისპირების სურათი გვქონდეს , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განცხადა, რითაც ნიკა მელიას და ირაკლი კობახიძის შორის დღეს მომხდარი დაპირისპირება შეაფასა.

მისივე თქმით, ზიზღი, ძალადობა და აგრესია კატეგორიულად დაუშვებელია.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ უტიფარი განცხადებების ფონზე, ყველა ზღვარზე ვართ, არ უნდა დავემსგავსოთ მათ და არ უნდა წავახალისოთ ძალადობა, არც ზიზღით და არც ფიზიკური დაპირისპირებით. რაც დღეს აქ მოხდა, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ აგრესია, რომელსაც ის თესავს, გადმოვიდეს პოლიტიკოსებზე, მოქალაქეებზე და ერთმანეთს დავერიოთ. ჩვენ არ უნდა წავახალისოთ ძალადობა. ჩვენ თუ გავხდით „ქართული ოცნების“ მსგავსი ძალა, ჩვენი აგრესიული ზიზღითა და სიძულვილით მივიღებთ უარესს. დღეს ვიხილეთ ძალადობა და ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ სურს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამასთან, მან ელჩებთან შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ძირითადად მათ წინასაარჩევნო პერიოდსა და კონკრეტულ დარღვევებზე ისაუბრეს.

„ამ შეხვედრაზე საუბარი იყო სწორედ ამ საკითხებზე - ძალადობრივი გარემო, დაპირისპირება, ზიზღი, სიძულვილი და დაშინება. უკვე არაერთი შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ფაქტები არის მოყვანილი, რომ განსხვავებული აზრის და საარჩევნო კამპანიაში ჩართულობის გამო როგორ აშანტაჟებენ, სამსახურიდან უშვებენ და სჯიან ადამიანებს. ეს არის დაუშვებელი და კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამაზე ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს. ამის შემდეგ ჩვენი პარტნიორები ამ ინფორმაციებს მიაწვდიან აქ არსებულ სადამკვირვებლო მისიებს და საკუთარი განცხადებებითაც გამოეხმაურებიან მსგავს ფაქტებს“, - აღნიშნა სამნიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს