ნიკა მელია - კედელთან მიმწყვდეული „ქართული ოცნება“ რაც უფრო უახლოვდება არჩევნების დღეს, მით უფრო ისტერიული ხდება, მაგრამ ამაოდ, შიში ვერ იხსნის პოლიტიკური მარცხისგან

ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ გავატანთ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს, ყველა უბანს დავიცავთ და ყველა შემაჯამებელ ოქმს გამოვიტანთ ხელუხლებელს. საქართველო, ქართველი ადამიანი, ერი მისი ამაყი იზეიმებს, გამარჯვებას იზეიმებს მოძალადეებზე. ეს არის ის, რაც მოხდება 2 ოქტომბერს, 2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე „ქართული ოცნება“ უფრო ისტერიული ხდება, თუმცა შიში მათ პოლიტიკური მარცხისგან ვერ იხსნის.

„კედელთან მიმწყვდეული „ქართული ოცნება“ რაც უფრო უახლოვდება არჩევნების დღეს, მით უფრო ისტერიულები ხდებიან, მაგრამ ამაოდ, შიში ვერ იხსნის მათ პოლიტიკური მარცხისგან, ეს არის გამორიცხული. „ქართული ოცნება“ როგორც რეჟიმი არის უკვე დამარცხებული. „ქართული ოცნება“ როგორც მოძალადე ერთობა არის უკვე დამარცხებული. დიახ, თითოეული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ მოქნეული ხანჯალი, დანა, ნაჯახი და ა.შ. რასაც იყენებს ეს ხელისუფლება, ასე მიყენებული ჭრილობა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის არის ჩემი ჭრილობა. მე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვთამაშობ, ვარ ისეთი, როგორიც ვარ, ვარ გულანთებული და ვარ ალალი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ უნდა, ამ ქვეყანას აღარ მართავდეს არც "კანონიერი ქუდი", ამ ქვეყანას არ მართავდეს მორჩილი მოსამართლე, მორჩილი პროკურორი და დაბეჩავებული შესაბამისი სამსახურები პოლიციისა. ამ ბრძოლაში ვარ მე ათობით და ასობით ათას საქართველოს მოქალაქესთან ერთად მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი, მაგრამ მომავალი არა რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ცივილიზებულ სამყაროსთან. ამ ბრძოლაში გულანთებულები ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს დავუტოვოთ შანსი იმისა, რომ მათ თავისი წილი აგური დადონ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ვერასოდეს, ვერც ბავშვობაში, ვერც ახლა და ვერც შემდეგ, ვერასოდეს ვერ აუვლ-ჩავუვლი გვერდს მოძალადეს, რომელიც ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, ბავშვებზე ახალგაზრდებზეც და ჭარმაგ ადამიანებზეც. და აი ამის შემდეგ გამოდიან და ურცხვად საუბრობენ, რომ თითქოს მსხვერპლი არის საკუთარი თავისთვის ჯანმრთელობის დამაზიანებელი. ვერასოდეს შევეგუები, ვერც ბატონ კობახიძეს, ვერც ბატონ ივანიშვილს, ვერც ღარიბაშვილს რაც არ უნდა ზონდერები, რაც არ უნდა კრიმინალები, რაც არ უნდა დაშანტაჟებული ადამიანები ჰყავდეთ ამ ქვეყანაში, ვერასოდეს შევეგუები იმ სიტუაციას, რომელსაც გავყავართ დასავლური სივრციდან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, სოფელ განთიადში მომხდარ დაპირისპირებაში 20-მდე ზონდერი მონაწილეობდა, თუმცა მხოლოდ ერთი დასაჯეს.

„დღემდე მე ხშირად მოგიწოდებდით, გთხოვდით, რომ მოსულიყავით რეფერენდუმზე, მიგეღოთ მონაწილეობა უმნიშვნელოვანეს კენჭისყრაში, სადაც უნდა გადაწყდეს ამ სახელმწიფოს ბედი, მაგრამ დღეს მე, როგორც არასოდეს, დავრწმუნდი, ყველანი ერთად ერთ მუშტად შევიკვრებით, მივალთ და დავამარცხებთ უტიფრობას, დავამარცხებთ მოძალადეებს. ძალიან გთხოვთ, ნებისმიერმა თქვენგანმა ერთი წამით წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ერთ ულამაზეს სოფელში, განთიადში, სადაც მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიისთვის, შეხვედრისთვის ემზადებით და 30 ზონდერი გესხმით თავს და დანებითა და ხანჯლებით გისწორდებიან და ამის შემდეგ გეუბნებიან, რომ შენ ხარ დამნაშავე. ერთი წამით წარმოიდგინეთ ღმერთისგან გადარჩენილი იმ ორი ადამიანის ადგილზე თავი, როდესაც 20 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა იმას საუბრობს, რომ თავად მოაწყვეს პროვოკაცია. არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე არ ვაპირებ შეგუებას. არ ვაპირებ არცერთ დღეს, არცერთი წუთით და არცერთი წამით, შევეგუო უსამართლობას. ჩემი მიზანი არ არის, ვუყურო მოძალადეებს, როგორ ბოგინობენ, ჩემი მიზანია, ეს ადამიანები ჩამოვაშორო ხელისუფლებას, ეს ადამიანები პირველ რიგში ტყვეობისგან გავათავისუფლო ბიძინა ივანიშვილისა. ვერ წარმომიდგენია, რომ „ქართული ოცნების“ რიგებშიც კი მოსწონდეთ, რასაც აკეთებს „ქართული ოცნების“ სამსახურში ჩამდგარი სუს-ი და სუს-ის თანამშრომლები, ვერ წარმომიდგენია, რომ „ქართული ოცნების“ რიგებში მოსწონდეთ, რომ ყველას, ბავშვს, სასულიერო პირს, დიპლომატს უსმენენ და „ქართული ოცნების" პასუხი არის უტიფრობა. დღეს ყველამ კარგად დავინახეთ, რაზე დგას ხელისუფლება. დავინახეთ ის ადამიანები, ვისზეც დგას წლების განმავლობაში ეს ხელისუფლება. ზონდერებზე დგას და ვერცერთ მართალ ადამიანს ვერც ზონდერებით და ვერც კრიმინალებით ხელს ვერ ააღებინებთ მართალი საქმისგან. სიმართლეა ჩვენს მხარეს ხალხო, პატივია ჩემთვის ვიყო იმ ბრძოლის ავანგარდში, როდესაც ჩემი მოწინააღმდეგე არა პოლიტიკოსი, არა პოლიტიკური პარტია, არამედ არიან მოძალადეები, რომელიც გამოიყენებენ ყველაზე შემზარავად ამორალურ სახეობას დანაშაულისა და ეს არის შანტაჟი და ფარული მიყურადება. არ ვაპირებთ ქედის მოხრას, არ ვაპირებთ უკან დახევას, ვაპირებთ გამარჯვებას 2 ოქტომბერს ქართველი ხალხის სახელით და ორი ოქტომბრის შემდეგ ამ ქვეყანაში შესაძლებელი გახდება ნორმალური პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვა”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს