ბადრი ჯაფარიძე - კარლ ჰარცელმა გვთხოვა, არ დაგვეტოვებინა ოფისი და კავშირზე იყო შსს-სთან - შსს-მ ევროკავშირის ელჩს ვერ მისცა გარანტია, რომ შენობას უსაფრთხოდ დავტოვებდით

კარლ ჰარცელმა გვთხოვა, არ დაგვეტოვებინა ოფისი - კავშირზე იყო შსს-ს შესაბამის უწყებასთან იმისათვის, რომ ყოფილიყო უზრუნველყოფილი შენობის უსაფრთხო დატოვება , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, შსს-მ კარლ ჰარცელს, თხოვნის მიუხედავად, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის შენობის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია ვერ მისცა, რაც ინსტიტუციის ჩამოშლაზე მიუთითებს.

„სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რაც მოხდა, კიდევ უფრო საგანგაშოა. ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა გვითხრა, რომ არ დაგვეტოვებინა ოფისი იმიტომ, რომ იქ თავი მოიყარეს „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა, რომლებიც, როგორც გვითხრეს, იყვნენ აგრესიულები და გვთხოვა, არ დაგვეტოვებინა ოფისი და კავშირზე იყო შსს-ს შესაბამის უწყებასთან იმისათვის, რომ ყოფილიყო უზრუნველყოფილი უსაფრთხო დატოვება შენობის. მან ასეთი გარანტიები ვერ მიიღო. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია რაღაც პერიოდი იქ ყოფნა და მერე ბოლოს მე ვუთხარი, რომ გავალთ შენობიდან, მადლობა გადავუხადე ზრუნვისათვის და დავტოვეთ შენობა. სამწუხაროა, რომ შსს-მ ვერ მისცა გარანტია ევროკავშირის ელჩს, რომ ჩვენ დავტოვებდით შენობას უსაფრთხოდ, ეს არის წარმოუდგენელი რამ, ფაქტობრივად, ინსტიტუცია არის ჩამოშლილი”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სამწუხაროდ, იგივე მეთოდებს იყენებს, რაც წარსული არჩევნების დროს იყო.

„საუბრობს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან სხვა პოლიტიკური პარტიები დაკავშირებული, რაც არის ტყუილი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა და ჩვენ ასე ვიმოქმედებთ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. მოსწონს ეს თუ არ მოსწონს ვინმეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნები „ქართული ოცნების“ დასასრულია.

„ჩვენი გადასახედიდან და გამოკვლევებზე დაყრდნობით ეს არჩევნები „ქართული ოცნებისთვის" დასასრულია. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულია. შედეგი იქნება ძალიან მწარე „ქართული ოცნებისთვის“. მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენ ოპოზიციური ძალა ვართ, ეს არის უკვე რეალობა, ჩვენ დაგვრჩა 10 დღე, ჩვენ 3 ოქტომბერს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მწარედ დამარცხდა „ქართული ოცნება“. თბილისში, განწყობებიდან გამომდინარე იქნება დამაჯერებელი გამარჯვება ოპოზიციური ძალების, მათ შორის „ლელოს“ ექნება ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი. პირველივე ტურის შემდეგ გარკვეული იქნება „ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი აღარ აქვს, რომ დარჩეს ერთპარტიულ მმართველობაში”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ლელო" არჩევნების მეორე ტურში მხარს დაუჭერს მხოლოდ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს, ხოლო გიორგი გახარიას არ მიიჩნევს დასავლურ ძალად.

„ჩვენ დავუჭერთ დასავლურ ოპოზიციურ კანდიდატს მხარს. გიორგი გახარიას არ მივიჩნევთ ჩვენ დასავლურ პოლიტიკურ ძალად. შესაბამისად, დასავლური პოლიტიკური ორიენტაციის პოლიტიკური ძალა ვინც გავა მეორე ტურში, მას დავუჭერთ მხარს. წინასწარ ნუ ვიჩქარებთ პროგნოზებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ოპოზიციური პარტია და იქ, სადაც არ იქნება "ლელოს" კანდიდატი მეორე ტურში, მხარს დავუჭერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას და არა ხელისუფლების კანდიდატს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს