ბიზნესდაჯილდოება, რომელიც ბიზნესსექტორის გაუმჯობესებასა და მცირე თუ საშუალო კომპანიების მხარდაჭერას ემსახურება, დაიწყო

ბიზნესდაჯილდოება - მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ბიზნესსექტორის გაუმჯობესებასა და მცირე თუ საშუალო კომპანიების მხარდაჭერას ემსახურება, დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

როგორც „თიბისის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, წელს „თიბისი“ პარტნიორებთან ერთად გამორჩეულ ბიზნესებს ხუთ ნომინაციაში გამოავლენს. ისინი დაჯილდოვდებიან საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის, გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში, საუკეთესო პროდუქტის, ან მომსახურებისთვის, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის და გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

„გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციის ჟიურის წევრები გარემოსდაცვითი, სოციალური მეწარმეობის, კრეატიული სფეროსა და საკონსულტაციო მიმართულებით საქმიანობენ. ისინი თანხმდებიან, რომ ბიზნესს, რომელსაც ამ ნომინაციაში გამარჯვება სურს, ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა ჰქონდეს - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მისი საქმიანობის საფუძველი უნდა იყოს და არა ერთჯერადი კამპანიის ნაწილი.

ნანა ჯანაშია, რომელიც CENN, აღმასრულებელი დირექტორია, რამდენიმე წელია პროექტში ჟიურის წევრის სტატუსით იღებს მონაწილეობას. ის მიიჩნევს, რომ ჩვენი ბიზნესსოციუმისთვის საჭიროა, დიდი კომპანიები იყვნენ ორიენტირებულნი ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვაზე, ამასთან, ყურადღება მიაქციონ უმცირესობების წარმომადგენლებს.

„ასეთი ტიპის კონკურსები წინ წამოწევენ სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ხოლო გამარჯვებული კომპანიები მაგალითს უჩვენებენ სხვებს. ამიტომ სასიამოვნოა, რომ თიბისი ამ პროგრამას ახორციელებს და ხელს უწყობს სოციალური მიმართულების განვითარებას“, - განაცხადა ნანა ჯანაშიამ.

ნანა ჯანაშიასთვის, როგორც გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ნომინაციაში გამარჯვებული ბიზნესის საქმიანობა არ აზიანებდეს გარემოს, ხელს უწყობდეს მის დაცვას ან მდგრად განვითარებას და რაც მთავარია, იყოს ინკლუზიური ყველა მიმართულებით.

„21-ე საუკუნის ადამიანები — თაობა Z ითხოვს პასუხისმგებლიან ბიზნესებს, ამიტომ თუ კომპანიებს სურთ შეინარჩუნონ საკუთარი ადგილი ბაზარზე და გასცდნენ ქვეყნის საზღვრებს, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ სოციალური პასხუხისმგებლობა“, განაცხადა ჯანაშიამ.

მცირე, ახალბედა ბიზნესებს კი ნანა ასეთ რჩევას უზიარებს: „მუდმივად იმუშავეთ იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეთ უნიკალურ ბრენდად, საქმეში ჩადეთ დიდი ძალისხმევა, რადგან ეს ყოველთვის ფასდება და რაც მთავარია, გააუმჯობესეთ პროდუქტების ან მომსახურების ხარისხი, რათა გაიჩინოთ მომხმარებლის ნდობა“.

ქეთევან ებანოიძე, რომელიც Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელია, მრავალი წელია ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრია და მიიჩნევს, რომ ღონისძიება ჩვენი ბიზნესსექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო მოვლენაა. მისი თქმით, პროექტი განსაკუთრებულია იმითაც, რომ ის არა მარტო სტარტაპებს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესებსაც აძლევს საკუთარი საქმიანობის წარმოჩენის შესაძლებლობას. ნომინაციის შესახებ კი ამბობს, რომ ელის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს, რომლებსაც დადებითი გავლენა აქვთ სხვადასხვა სფეროზე და გრძელვადიან პერსპექტივაში ჭრიან საზოგადოებაში ან გარემოში არსებულ პრობლემებს.

„ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, თუ როგორმა ბიზნესმა უნდა გაიმარჯვოს ამ ნომინაციაში - ვფიქრობდით უნდა ყოფილიყო თუ არა ის აუცილებლად სოციალური საწარმო თუ მსხვილი ან საშუალო ბიზნესი ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკით, თუმცა შევთანხმდით, რომ თანამედროვე სამყაროში, სადაც უამრავი სოციალური თუ გარემოსადაცვითი პრობლემა არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ყველას მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთოს ამ ნომინაციაში“, - განაცხადა ებანოიძემ.

ქეთევან ებანოიძე აღნიშნავს, რომ ბიზნესდაჯილდოების კარი ღიაა ყველასთვის - სოციალური საწარმოსთვის, მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესისთვის. „ბიზნესდაჯილდოება არ არის ერთჯერადი ღონისძიება, ის გრძელვადიანი კამპანიაა და მასში მონაწილე ბიზნესებს ეძლევათ საკუთარი თავის წარმოჩენის უნიკალური შესაძლებლობა“.

ახალბედა ბიზნესებს კი ქეთევან ებანოიძე ურჩევს, რომ არ იფიქრონ მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესმოდელის გამართვაზე, არამედ გაიაზრონ მათი როლი და პასუხისმგებლობა არსებული პრობლემების გადაჭრაში.

ელენე ჟვანიას აზრით, რომელიც Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელია, ბიზნესდაჯილდოება ახალბედა ბიზნესებს ერთგვარ პლატფორმას სთავაზობს, ზრდის მათ ცნობადობას და ზოგადად, დიდი წვლილი შეაქვს ბიზნესის განვითარებაში.

ის ნომინაციაში უპირატესობას ისეთ ბიზნესს მიანიჭებს, რომელსაც დადებითი გავლენა მოაქვს საზოგადოებასა და გარემოზე. „ეს შეიძლება იყოს ისეთი ბიზნესი, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო პროდუქტს ქმნის“, - განაცხადა ჟვანიამ.

Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში ყოველ წელს მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. „უფრო და უფრო მეტი ბიზნესი თვლის, რომ საჭიროა მისი საქმიანობა საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრისკენ იყოს მიმართული. ამას ძალიან დადებითად ვაფასებ. რაც მთავარია, თიბისის დიდი აუდიტორია ჰყავს, ბევრი ადამიანი თუ ორგანიზაცია უსმენს მას, შესაბამისად, ნებისმიერი კომპანიის წარმატებისთვის ღონისძიებაში მონაწილეობაც კი სასარგებლო იქნება“, - განაცხადა ჟვანიამ.

ელენე ჟვანიას რჩევა მცირე ბიზნესებისთვის ასეთია: „დაუზოგავი შრომა და საქმის სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია. არ უნდა დაელოდოთ სხვას და საკუთარი ინიციატივით უნდა გადალახოთ დაბრკოლებები, რომლებიც ამ გზაზე შეგხვდებათ. რაც მთავარია - უნდა დაიწყოთ ახლა!“.

ლევან ლეფსვერიძე, რომელიც ლივინგსტონი, ლივინგსტონის თანადამფუძნებელია, მიიჩნევს, რომ პროექტის დახმარებით ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საკუთარი სიძლიერეები თუ სუსტი მხარეები კონკურენტულ გარემოში შეაფასონ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, რადგან თუ არ შეხედე სხვა როგორ აკეთებს საქმეს და არ გაიგე რაში გჭირდება გაძლიერება, პროგრესს ვერ მიაღწევ“, - განაცხადა ლეფსვერიძემ.

ის იმასაც აღნიშნავს, რომ ხშირად დაჯილდოების საკითხს სტერეოტიპულად, გამარჯვების კონტექსტში აღიქვამენ, თუმცა, ის თვლის, რომ ძალიან სასარგებლოა მხოლოდ მონაწილეობის პროცესიც კი - იმის ნახვა, თუ ვინ არიან შენს ინდუსტრიასა და სათამაშო მოედანზე შენი კონკურენტები.

„ველოდებით, ვნახოთ ისეთი ბიზნესები, რომლებიც რეალურად ქმნიან სარგებელს, აუმჯობესებენ სხვების ცოხვრებას, ბიზნესები, რომლებიც საქმითა და შედეგებით ამტკიცებენ, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მათი კულტურის და საქმიანობის განუყოფელი ნაწილია“.

ახალბედა ბიზნესებს ლევან ლეფსვერიძე რჩევას აძლევს: „მნიშვნელოვანია იპოვოთ და მოუსმინოთ საკუთარ ხმას და არ მოექცეთ დიდი ბიზნესების გავლენის ქვეშ. სამყარო სწრაფად იცვლება და ხშირად გვაქვს ცდუნება, დიდი კომპანიების მსგავსად მოვიქცეთ - ჩავთვალოთ, რომ სწორედ ისაა ნამდვილი გზა, რომელსაც ეს ბიზნესები მიჰყვებიან. თუმცა ვთვლი, რომ წარმატებულია ის, ვინც ინარჩუნებს უნიკალურობას და არ აკოპირებს სხვისგან საოპერაციო მოდელებს ან გადაწყვეტილებებს“.

გელა მღებრიშვილი, რომელიც Nexia TA-ს მმართველი პარტნიორია, მიიჩნევს, რომ ქართული ბიზნესი არაა განებივრებული ისეთი ღონისძიებებით, როგორიც ბიზნესდაჯილდოებაა. „ის ბიზნესებს აძლევს სტიმულს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, იყვნენ უფრო სტრუქტურულები და ნაკლებად იმპულსურები“, - აცხადებს მღებრიშვილი.

მისი თქმით, კომპანიას, რომელიც ამ ნომინაციაში გაიმარჯვებს, გააზრებულად, პოლიტიკის დონეზე უნდა ჰქონდეს გაწერილი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი.

„ესაა შემთხვევა, როცა შესაძლოა, მცირე ბიზნესმა უფრო ჩამოყალიბებულ სტრუქტურულ ერთეულს აჯობოს. ეს ბიზნესებს აძლევს თვითკმაყოფილებასა და სტიმულს, მეტი და მეტი აკეთონ“, - აღნიშნავს მღებრიშვილი და დასძენს, რომ ის ბიზნესები, რომლებიც პირველ ადგილს ვერ დაიკავებენ, სარგებელს მაინც მიიღებენ, რადგან დაინახავენ საკუთარი ბიზნესის განვითარების გზებს. ის მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ის ოლიმპიური პრინციპი, რომ მონაწილეობაც მნიშვნელოვანია, მართლაც მოქმედებს.

მისი რჩევა კი მცირე ბიზნესებისთვის ასეთია: „არასდროს შეწყვიტოთ ძიება. სტარტაპებს ვუსურვებ გამჭვირვალობას, ექსპერიმენტებისა და სიახლეებისადმი სწრაფვას- ამის რესურსი ახალგაზრდებს ნამდვილად აქვთ“.

ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია ვებგვერდზე www.businessaward.ge და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.

ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს