„მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებელი" არ მონაწილეობს ამ დაპირისპირებაში და ჩვენი განსხვავებული ხელწერა აქ არის - ჩვენ შეგვიძლია შევარიგოთ ეს ხალხი, - ასე შეაფასა „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის დაპირისპირებაში მათი პოლიტიკური პარტია არ მონაწილეობს.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას ვაშაძემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუკი, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ამომრჩეველი „მესამე ძალას" დაუჭერს მხარს, პოლიტიკოსებს შორის მსგავსი სახის დაპირისპირებას ადგილი აღარ ექნება.
„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" არ მონაწილეობს ამ დაპირისპირებაში და ჩვენი განსხვავებული ხელწერა აქ არის. ჩვენ შეგვიძლია შევარიგოთ ეს ხალხი, ამისთვის გვინდა მხარდაჭერა. ჩვენ შეგვიძლია საქმეზე საუბარი დავაბრუნოთ პოლიტიკაში. არავის დაძმაკაცებას არ ვაპირებთ, მაგრამ გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ჩვენი მხარდაჭერის და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ დაპირისპირების, თავპირისმტვრევის ფაზა ქართულ პოლიტიკაში და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. როდესაც ბევრი საქმე იქნება გასაკეთებელი, დამერწმუნეთ, ასეთ ქმედებებს ადგილი არ ექნება.
მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, უნდა გამოვფხიზლდეთ. ის, რაც ხდება, ეს არის ჩვენს ტვინზე და აზრზე შტურმი, რომ რაციონალური გადაწყვეტილება ვერ მიიღოს საქართველოს მოქალაქემ არჩევნების დროს, ნიჰილიზმი დაინერგოს. ეს "ქართული ოცნების" მხრიდან ხორციელდება და როდესაც ამას ოპოზიციური პარტიის ლიდერიც აყვება, ეს ძალიან ცუდია, რადგან ეს ხელს უწყობს "ქართული ოცნების" საარჩევნო სტრატეგიას, რომ არ იყოს საუბარი საქმეზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.