საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს უმასპინძლებს

25 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მეოთხედ უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სპორტული ღონისძიებები 35-მდე სპორტის სახეობაში თბილისში და ქვეყნის 30 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მსოფლიოში არსებული პანდემიის გათვალისწინებით სპორტული აქტივობების გასამართად შეირჩა ღია სივრცეები: მოედნები, ქუჩები, გარე სპორტული ობიექტები, სტადიონები და თავისუფალი ადგილები.

„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ღონისძიებების ციკლი გადანაწილდეს 31 ოქტომბრის ჩათვლით, რაც წინასწარ შეთანხმდა ყველა ორგანიზატორთან. ამასთან, შეჯიბრებები ჯანდაცვის სექტორის მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით ჩატარდება.

თუ რომელიმე დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდება სპორტული შეჯიბრის სახით, მონაწილეები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან წესები და შეჯიბრში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ სწრაფი ტესტების უარყოფითი პასუხისა ან/და კოვიდ პასპორტის წარმოდგენის შემთხვევაში. ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სპორტის კვირეულის ორგანიზატორია სპორტის მენეჯმენტის ეროვნული ფედერაცია და სხვა სპორტული ფედერაციები, ხოლო მხარდამჭერი არის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

მოგეხსენებათ, სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მასობრივი სპორტის განვითარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს. შესაბამისად, ევროპის სპორტის კვირეული და სხვა მსგავსი სპორტული ღონისძიებები მუდმივად იქნება სამინისტროს მხარდაჭერის საგანი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს