ნათია თურნავა - ,,ამბასადორი ბათუმი აილენდი" არის არა მხოლოდ ახალი ტურიზმის განვითარების პლატფორმა და ტალღა, არამედ ახალი სამუშაო ადგილები

ჩვენ მომსწრე ვართ ძალიან ამბიციური, ძალიან მასშტაბური მომავლის პროექტის - ეს არის „ამბასადორი ბათუმი აილენდი", რომელსაც მთავრობის სხდომამ გუშინ დაუჭირა მხარი და პრაქტიკულად, შემდგომი წლების განმავლობაში მომსწრე გავხდებით ახალი, მასშტაბური განვითარების, რაც, პრაქტიკულად, ახალი უბნის აშენებას გულისხმობს შავ ზღვაში, ხელოვნურ კუნძულზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ბათუმში გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნათია თურნავამ პროექტის დაწყება მიულოცა მთელ აჭარას, მის ხელმძღვანელობას და ინვესტორს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის ძალიან საინტერესო, მასშტაბური, ამბიციური იდეა - 90 ჰა ფართობის ხელოვნური კუნძულის და ნახევარკუნძულების შექმნა შავიზღვისპირეთში, ბათუმში, რომელზეც მომავალში გაშენდება ახალი დიდი უბანი.

მინისტრის ინფორმაციით, იქ დაახლოებით 500 ჯამური ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსები, სავაჭრო კომპლექსები, გასართობი ინდუსტრია, ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტი განთავსდება, რომლებიც ბათუმში არაერთ ტურისტს მოიზიდავს.

„ზოგადად, მსოფლიოში არის ამის პრეცედენტები, როდესაც ხელოვნურ პლატფორმებზე, ხელოვნურ კუნძულებზე ხდება განაშენიანება და არაფერია გასაკვირი, რომ დღევანდელ საქართველოში, ჩვენი მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, იმ გარანტიებით, რაც შექმნილია ზოგადად ქართველი ინვესტორებისთვის, მსგავსი ამბიციური პროექტის განხორციელება ხდება შესაძლებელი. ეს არის გრანდიოზული პროექტი, სულ მცირე 100 მლნ დოლარის - 300 მლნ ლარის ინვესტიცია, რომელიც აქ ეტაპობრივად განხორციელდება, ასევე 2000 ადამიანის დასაქმება, რაც ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, რადგან ეს არის არამხოლოდ ახალი ტურიზმის განვითარების პლატფორმა და ტალღა, არამედ ახალი სამუშაო ადგილები ამ მასშტაბური პროექტის წყალობით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, ეს უდიდესი ინვესტიცია ასევე საკმაოდ საინტერესოა ტექნიკური თვალსაზრისითაც, საკმაოდ რთულად განსახორციელებელი პროექტია და მოითხოვს ძალიან დეტალურ, სკრუპულოზურ კვლევას, რაზეც ინვესტორი იღებს სრულ პასუხისმგებლობას - კომპანია უახლოესი თვეების განმავლობაში ჩაატარებს ყველა აუცილებელ კვლევას, რომელიც უფრო მეტად დაადასტურებს „ამბასადორი ბათუმი აილენდის" მიმზიდველობას და განხორციელებადობას.

„ჩვენ გვსურს აღგითქვათ გვერდში დგომა, ამ ურთულესი პროექტის განხორციელებისას, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო წამოწყება, რომელიც თავის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ამ გლობალური გამოწვევის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია არსად წასულა და ჯერ კიდევ გრძელდება, ჩვენ მოვახერხეთ და ზაფხულის ტურისტული სეზონი, რაც ამდენად მნიშვნელოვანია აჭარისთვის, ჩავატარეთ მეტ-ნაკლებად წარმატებით, უკვე მილიონზე მეტ ტურისტს ვუმასპინძლეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ეს განვითარება შემდგომში კიდევ სტაბილური, განჭვრეტადი და მიმზიდველი რომ გახდეს. რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ სხვა მსგავსი ამბიციური პროექტებიც განხორციელდება, მათ შორის აჭარაში, რომელიც მართლაც ჩვენი ტურისტული ბაზრის მარგალიტია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა