სალომე სამადაშვილი - უკიდურესად შემაშფოთებელი იყო პრემიერის მხრიდან მინიშნება, რომ ხალხის დაორგანიზებას აპირებს, ეს არის ძალიან სახიფათო

„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ძალიან დაბნეულია. ამ ხალხის მობილიზებას არჩევნებისთვის სააკაშვილის ჩამოსვლის დაპირება ძალიან დაეხმარება , - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

როგორ სამადაშვილი განმარტავს, არჩევანი არსებობს იმ ხალხისთვის, ვისაც არც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა და არც „ქართული ოცნება“.

„ ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკუთარი ამომრჩეველი საკმაოდ დააბნია. ძალიან დიდი ხანი იყო რადიკალურ პოზიციაზე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, გახსოვთ, ჩემი პარტიიდან წამოსვლის მიზეზი, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ვურჩევდი პარტიას და არ გაითვალისწინეს ჩემი რჩევა, შემდეგ კი მოუწიათ დოკუმენტზე ხელის მოწერა 6 თვის დაგვიანებით.

ჩემი აზრით, მათი ამომრჩეველი ძალიან დაბნეულია. ამ ხალხის მობილიზებას არჩევნებისთვის სააკაშვილის ჩამოსვლის დაპირება ძალიან დაეხმარება. ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. გეთანხმებით, რომ სააკაშვილის ფიგურა ყოფს ადამიანებს და მობილიზაციას უკეთებს მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც.

როდესაც 9 წელი გავიდა და „ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში ჩაყენებულ საზოგადოებას, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, მათი მმართველობის შედეგად ისევ წარსულის დაბრუნების შიშის გზავნილებით ესაუბრება, ამომრჩეველზე ეს ფაქტორი ნაკლებად იმუშავებს მაშინ, როდესაც განსაკუთრებით მრავალფეროვანი არჩევანია. არჩევანი არსებობს იმ ხალხისთვის, ვისაც არც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა და არც „ქართული ოცნება“, - აღნიშნავს სამადაშვილი.

კითხვაზე, გაბედავს თუ არა „ქართული ოცნება“ სააკაშვილის დაჭერას, როდესაც საქართველოში ჩამოვა, სამადაშვილი განმარტავს, რომ „როგორც სააკაშვილს გაუჭირდება უკან დაიხიოს იმ დაპირებიდან, რომ ის ჩამოდის, ასევე გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“ გზა მოძებნოს თავიდან აიცილოს მისი დაპატიმრების მცდელობა“.

„ჩვენ დღეს ვნახეთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები. ჩემთვის უკიდურესად შემაშფოთებელი იყო მინიშნება პრემიერის მხრიდან, რომ ხალხის დაორგანიზებას აპირებს. ეს არის ძალიან სახიფათო, ვისაც არ უნდა ეხებოდეს საქმე. ეს არის სახელმწიფოსთვის ძალიან საშიში განცხადება, როდესაც ამას აკეთებს პრემიერი, რომელმაც ფაქტობრივად ინსპირირება გაუკეთა 5 ივლისის ძალადობას. მინდა ჩემი შეშფოთება დავაფიქსირო ამასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, ალბათ, როგორც სააკაშვილს გაუჭირდება უკან დაიხიოს იმ დაპირებიდან, რომ ის ჩამოდის, ასევე გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“ გზა მოძებნოს თავიდან აიცილოს მისი დაპატიმრების მცდელობა. მე მყარად მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით დევნილია“,-აღნიშნავს სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აქციებს არ გამორიცხავს. როგორც ის განმარტავს, პროტესტი და აქციები პოლიტიკური აქტივობის ნაწილია და მისთვის სასაცილოა „ქართული ოცნების“ ანტიაქციების პოზიცია.

„ჩვენს ისტორიას თუ გადავხედავთ, ძალიან სასაცილოა „ქართული ოცნება“ რომ იკავებს ანტიაქციების პოზიციას. გეგონება თვითონ ხელისუფლებაში უნივერსიტეტის კათედრიდან მოვიდნენ, ან აკადემიური გარემოდან. ყველას გვახსოვს ქუჩის აქციები იმ წლების განმავლობაში. ქუჩის აქციები და პროტესტი პოლიტიკური აქტივობის ნაწილია“,- აღნიშნავს სამადაშვილი.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა