ნატალი საბანაძე - მძიმე სანახავია წინასაარჩევნო კამპანია - ახალ დონეზე ავიდა თავისი სიბინძურით და იმით, რომ „ყველაფერი მოსულა“

მძიმე სანახავია ეს წინასაარჩევნო კამპანია. რაღაც ისეთი შეგრძნებაა, რომ ახალ დონეზე ავიდა თავისი სიბინძურით და იმით, რომ „ყველაფერი მოსულა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალი საბანაძე აცხადებს.

ინტერვიუში საბანაძე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საუბრობს და როგორც აცხადებს, „საოცარია ხელისუფლების პოზიცია: „მერე რა მოხდა, სხვაგანაც ხდება“.

„ზოგადად, ეს ფარული მოსმენა და ამ მასშტაბის მიყურადება არის ძალიან მძიმე და მტკივნეული თემა იმ კონტექსტიდან და წარსულიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ყველამ გამოვიარეთ. რაღაც საერთო კოლექტიური მეხსიერება ხომ არსებობს, თუნდაც ტკივილის მეხსიერება - მოვდივართ საბჭოთა კავშირიდან, მერე გამოვიარეთ წინა ხელისუფლების მიერ ტოტალური თვალთვალის გამოცდილება და ის ძალა, რომელიც მოვიდა და იმედი ჩაგვისახა, რომ ამას სისტემურად დაასრულებდა, გამოდის, რომ იმავეს აკეთებს. საოცარი ის არის, რომ თან ამბობს: „მერე რა მოხდა?! სხვაგანაც ხდება“ - ასეთი დისკურსი გვესმის დღეს. ის, რომ სხვაგან ხდება, მე ამას არ უარვყოფ, დიპლომატების მიყურადებაც ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრი საშინელი რეჟიმია და ეს არ არის სტანდარტი, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ, რომ დავუახლოვდეთ და, რა თქმა უნდა, არ ამართლებს ჩვენს კონტექსტში მიმდინარე მოვლენებს. გარდა ამისა, თუ მსგავსი ფაქტი დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება, იქ არის ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელიც ახერხებენ ძალიან სწრაფად ამ პრობლემის ლოკალიზებას. ჩვენს შემთხვევაში, რომელიც არის დაუმთავრებლად გარდამავალი დემოკრატია, ეს პროვინციული ტოტალიტარიზმი ვერაფრით მოვიშორეთ, ამ გარდამავალი, სუსტი დემოკრატიის პირობებში, ამის გაკონტროლების მექანიზმები არ გვაქვს, ამიტომ ჩვენს კონტექსტში ძალიან პრობლემურია ეს ყველაფერი. ეს „მერე რა“ დამოკიდებულება, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია“, - აცხადებს საბანაძე.

ყოფილი ელჩი დიპლომატების შესაძლო მოსმენის შესახებ ინფორმაციასაც ეხმაურება.

„რაც შეეხება დიპლომატებს, მეგობარი ქვეყნის დიპლომატის მოსმენა თავისთავად გაუგებარია. ჩვენ და ევროკავშირს სხვა დონის ურთიერთობები გვაქვს, ეს არის ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება ნდობას, თანამშრომლობის ძალიან მაღალი ხარისხია და ამიტომ, ძალიან გასაკვირი და შოკისმომგვრელი იყო ევროკავშირისთვისაც იმის გაგება, რომ შეიძლება, ასეთი რაღაც ხდებოდეს საქართველოში, რომელიც ითვლებოდა სანდო პარტნიორად. ეს ძალიან ცუდია და შესაბამისი რეაგირება მოჰყვა ევროკავშირის მხრიდან...

როგორც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ელჩის დაბარებაა გამონაკლისი და ასეთი რამ არ ხდება, მე ვთვლი, რომ, ასევე, ახალი ფენომენია ის, რომ ხდება ღიად პარტნიორი ქვეყნის ელჩებზე თავდასხმა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩზეც. ეს შეიძლება 2 რამეს ნიშნავდეს. ეს შეიძლება იყოს საპასუხო გზავნილი, რომ ჩვენი ელჩი დაიბარეს და მაღალჩინოსნების გამოსვლები ამაზე პასუხად შეიძლება აღვიქვათ და მეორე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის წინასაარჩევნო კონტექსტი და ყოველი ასეთი სიტყვა, რომ სხვადასხვა დონეზე მომხდარიყო ღია კრიტიკა ჩვენი პარტნიორი ელჩის, მისი პიროვნების და ეს არ არის პიროვნება, მის უკან დგას ევროკავშირი, თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს. მე არ ვიცი ზუსტად რა არის ეს მიზეზი, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ გარკვეულწილად, ეს შეიძლება გზავნილია იმ ამომრჩევლის მიმართ, რომელიც მომხმარებელია მზარდი ნაციონალურ-პოპულისტური დისკურსის, რაც განსაკუთრებით აქტიურად შეიმჩნევა 5 ივლისის შემდეგ და ესეც ამ კონტექსტში ჯდება - ღია გალაშქრება ელჩის წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ არ არის ეს ასე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელნი კომუნიკაციაში ჩვენს პარტნიორებთან, რაშიც, რა თქმა უნდა, დავეთანხმები, მაგრამ გულწრფელი დიპლომატიური კომუნიკაციის სხვა არხები არსებობს, ამის გაკეთება, შეიძლება დახურულ კარს მიღმა, სატელეფონო საუბრით. ამიტომ, რახან იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საჯაროდ ამას ვაკეთებთ, ეტყობა ემსახურება გარკვეულ ელექტორატს და მათი გულის მოგებას. ასევე, ალბათ, გათვლაც გაკეთებულია, რომ საერთაშორისო კონტექსტში ამას დიდი ფასი არ ექნება. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ დღეს ხელისუფლება თვლის, თითქოს მას უღირს რეალურად ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის გაციება და მთელი რიგი მოვლენები ამაზე მეტყველებს. ერთია, რომ იყო მოსმენების სკანდალი და ეს ამბავი გამოვიდა, იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოგვეხადა და გვეთქვა, რომ დაიცადეთ გამოძიება დაიწყება და ყველაფერს პასუხი გაეცემაო, ხელისუფლებამ სხვა ტაქტიკა აირჩია და ამით ნამდვილად არ გაუადვილა საქმე ჩვენს ელჩს ბრიუსელში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცდილობს მაქსიმალურად სიტუაცია მოაგვაროს“, - აღნიშნავს ევროკავშირში ყოფილი ელჩი.

რაც შეეხება უშუალოდ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას, „ძალიან მდაბიოა ეს კამპანია და დემოკრატიულ მაღალ სტანდარტებს არ შეესაბამება“.

„საკმაოდ მძიმე სანახავია ეს წინასაარჩევნო კამპანია. რაღაც ასეთი შეგრძნებაა, რომ ახალ დონეზე ავიდა თავისი სიბინძურით და იმით, რომ „ყველაფერი მოსულა“. ადგილი აქვს ღია დაპირისპირებას, ყოველთვის გვახასიათებდა ჩვენ ემოციური დაპირისპირება პიროვნებებს შორის და პირადი შეტევები, ნაკლები არგუმენტი იმაზე, თუ რისი გაკეთება გვინდა, რა არის ხედვა, რა არის პოლიტიკა. ამისთვის, რეალურად, დრო არ რჩება. ჟურნალისტებიც აღარ სვამენ ამ კითხვებს, რადგან მთლიანად კამპანიაში დომინირებს ძალადობის ელემენტები, სხვადასხვა ცილისმწამებლური კამპანია მიდის, განსაკუთრებით გახარიას წინააღმდეგ, მთელი ეს აგორებული და დაგეგმილი, დადგმული სპექტაკლი ამ ნარკოდამოკიდებულების შესახებ, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს აყენებს თავდაცვის რეჟიმში და უწევთ მტკიცება, ანალიზების ჩაბარება და ა.შ. ძალიან მდაბიოა რეალურად ეს კამპანია, დემოკრატიულ მაღალ სტანდარტებს არ შეესაბამება. არა მხოლოდ დემოკრატიულობის სტანდარტის ქვემოთ არის, არამედ ლეგიტიმურობისა და ლეგალურობის ზღვარზე გადის. ძალიან რთულია გაერკვე, სად არის სიმართლე, სად არის ჭორი, სად არის ნახევრად სიმართლე. მე მესმის, რომ პოსტსიმართლის ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს კამპანია გამოხატავს იმ პოლარიზაციას, რომელიც ჩვენში ხდება, მაგრამ პოლარიზაციის გარდა, ელემენტარული ფასეულობების მოშლას იწვევს. ეს არ არის გარემო, რომელიც არის სამართლიანი და რომელიც იძლევა საშუალებას, რომ რეალურად არგუმენტებზე დაფუძნებული საინტერესო კამპანია აწარმოონ პარტიებმა და ამომრჩეველს მისცენ საშუალება, გაერკვნენ, ვინ რას სთავაზობს. ვიცით, ვინ რას გვთავაზობს რეალურად ? არა, იმიტომ, რომ ამის ადგილი არ არის დატოვებული რეალურად“, - აცხადებს ნატალი საბანაძე.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა