გიორგი გახარია - გვაბრუნებენ "ნაცურ" საქართველოში, სადაც დაბრუნება არ გვინდა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია დღეს სამეგრელოში აბაშის, სენაკის, ჩხოროწყუს, ფოთის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდა.

გახარიას თქმით, "გვაბრუნებენ "ნაცურ" საქართველოში, სადაც დაბრუნება არ გვინდა!"

"ეს არჩევნები არც პირველია და არც ბოლოა - ამიტომ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ვინც რა არ უნდა იკადროს, როგორ წითელ ხაზსაც არ უნდა გადავიდნენ, მაინც ღირსებით უნდა ვუპასუხოთ ყველაფერზე და უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქალაქში და ქვეყანაში მომავალში ყველამ უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ ქვეყანას დასაკარგი შვილები არ ჰყავს! ამიტომ, რომ დამთავრდება ეს არჩევნები და რომ მოვიგებთ - ვინც რა არ უნდა იკადროს, ყველას მაინც ძმური და კაცური ხელი უნდა გავუწოდოთ. ეს უნდა გვესმოდეს ყველას!“ - მიმართა გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს.

გახარიას თქმით, ისინი საქართველოსთვის ერთიანდებიან.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით - ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ. ჩვენ მტრები არ გვჭირდება და არავის არ ვებრძვით - ვიბრძვით ქვეყნის წინსვლისთვის! ამ ქვეყანას სჭირდება წესრიგი ! წესრიგი, როცა უფლებები დაცულია, სადაც კანონი ყველასთვის კანონია, სადაც პენსია ღირსეულია, სადაც ბავშვებს კარგი განათლება აქვთ, სადაც ჯანდაცვა ნორმალურია, პირობები ყველასთვის თანაბარია და არა ისე - ზოგიერთ პრივილეგირებულს რომ შეუძლია სადღაც გაძვრეს, გამოძვრეს და თავის შვილს და ოჯახს პირობები შეუქმნას და სხვები ფეხებზე დაიკიდოს - ასე არ შეიძლება! და ამიტომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი წესრიგის დამყარება დავიწყოთ. სხვანაირად არაფერი არ გამოვა", - აცხადებს გახარია.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მიმართვისას ისაუბრა, რომ 30 წლის წინ დაწყებული საქმე - ძლიერი, სამართლიან და თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა ბოლომდე ამ თაობამ უნდა მიიყვანოს, რომ შემდგომ თაობებს უკვე ჰქონდეთ ასეთი სახელმწიფო.

„ამ კუთხის შვილებს ძალიან კარგად გვესმის, ვიცით და გვახსოვს რა არის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. თავისუფლება იწყება ღირსებიდან, თავისუფლება იწყება სამართლიანობიდან და ყველას უნდა გავახსოვდეს, რომ ის რაც დავიწყეთ 30 წლის წინ - სამართლიანი, ძლიერი და თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა - ახლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. იმიტომ, რომ ჩვენს შვილებს დავუტოვოთ ისეთი სახელმწიფო, სადაც კანონი იქნება ყველასთვის თანაბრად კანონი, სადაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა და იმედი ღირსეულ სამართლიან სასამართლოზე, სადაც ადამიანს - კონკრეტულ ცალკე აღებულ პრივილიგირებულს კი არა - ყველა ადამიანს აქვს ღირსეული განათლების, ღირსეული ჯანდაცვის მიღების შესაძლებლობა თანაბრად მთელ საქართველოში, სადაც ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები ღირსეულად არიან დაფასებული - აქვთ ღირსეული პენსია და ღირსეული სიბერე, სადაც სახელმწიფო არის ძლიერი და შეუძლია დაიცვას წესრიგი ყველასთვის და სადაც სახელმწიფოს შეუძლია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს იმისთვის, რომ ქვეყანას მიეცეს განვითარების პერსპექტივა და წინსვლის შესაძლებლობა“, - ამბობს გახარია.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ დღეს მნიშვნელოვანია არც ერთ ძალას აღარ ჰქონდეს ქვეყნის ერთპიროვნული მართვის შესაძლებლობა.

„რასაც ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ - დღეიდან ამ ქვეყანაში არავის არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა - არ შეიძლება! პირველი 9 წელი იყო და ერთპიროვნულმა მმართველობამ დაღუპა და მეორე 9 წელია და ამ ერთპიროვნულ მმართველობას მივყავართ უკან, გვაბრუნებენ ნაცურ საქართველოში, სადაც დაბრუნება არ გვინდა! იმიტომ, რომ გვინდა წინსვლა, იმიტომ, რომ გვჯერა, რომ ამ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან, უკეთესი და უფრო წარმატებული საქართველო ეკუთვნით და მათ უნდა შექმნან. ამიტომ არის ჩვენს რიგებში ამდენი ახალგაზრდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს გამოცდილი, ღვაწლმოსილი ხალხი, მათი გვერდში დგომა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყოველთვის ვამბობდი ხოლმე, რომ ერთი გამოცდილი, ღვაწლმოსილი ადამიანი, 5-6 ახალგაზრდა - ეს ახალგაზრდები უნდა მივაჩვიოთ, რომ თავის სოფელზე და თავის ქალაქზე პასუხისმგებლობა თუ არ აიღეს, მათ გასაკეთებელს სხვა არავინ არ გააკეთებს. ამიტომ, სიაშიც გვეყოლება, მერადაც გვეყოლება, მერის მოადგილეებადაც გვეყოლება ახალგაზრდა ხალხი - მაგრამ ამ ხალხს მასწავლებლად და წინამძღოლად უნდა ჰყავდეთ გამოცდილი, კეთილსინდისიერი, ღვაწლმოსილი ადამიანები“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.

გახარიას თქმით, მთვარი მიზანია, ძლიერი სახელმწიფო.

„ჩვენი მთავარი მიზანი არის ძლიერი, სამართლიანი, თანამედროვე სახელმწიფო და ამ სახელწიფოს მშენებლობაში ერთმანეთს კი არ უნდა ვებრძოდეთ - ერთმანეთთან დებატში და ჯანსაღ კონკურენციაში უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ გამოვლინდეს უფრო ნიჭიერი ხალხი, ვისაც უკეთესად შეუძლია ქვეყანას მიხედოს. ჩვენ პატარა ქვეყნის შვილები ვართ. მთავარი ამოცანაა, რომ ამ ქვეყანას ყველამ ერთად მოვუაროთ. იმისთვის კი არ უნდა ვიბრძოლოთ -კაბინეტში ვინ შევა, სავარძელში ვინ ჩაჯდება და კორუფციულ ფულს ვინ „დაითრევს“ - არამედ იმაში უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს, ვინ უკეთესად მოუვლის ამ ქვეყანას, ვინ უკეთესად მოუვლის საქართველოს“, - აცხადებს გახარია.

გახარიამ ისაუბრა, რომ "ოცნებაში" დღეს ბევრი ღირსეული ადამიანი დარჩა, რომლებმაც იციან, რომ ცვლილებების დრო მოვიდა და ამას ეთანხმებიან, თუმცა ხმამაღლა ამის თქმის ეშინიათ და ეს შიში დასაძლევია.

„იმის მიუხედავად, რომ ეს მუნიციპალური არჩევნებია - მუნიციპალური დონიდან უნდა დავიწყოთ ცვლილებები. ყველამ... ჩვენც ხომ "ოცნებიდან" მოვდივართ, იქ ბევრი ღირსეული ადამიანია, ბევრმა "ოცნებაში" დღეს იცის, რომ ცვლილებების დრო მოვიდა. ვერ ამბობენ - აი ესა აქვთ, რაღაც ერთმანეთის შიში და გაურკვეველი რაღაც, საიდანაც უნდა გამოვიდეს. კიდევ ერთი რამ იცოდეთ, რაც არ უნდა დაგვიძახონ - აი ეს ტყუილები, ჭორები, მოგონილი ზღაპრები, ეს პროპაგანდა - ერთგულების ფიცი ჩვენ დადებული გვაქვს ქვეყნის და სახელმწიფოს და ოჯახის და არა პარტიის. ეს პარტია ჩვენთან ერთად არის მანამ, სანამ სახელმწიფოს და ქვეყანას ემსახურება. როგორც კი სავარძლებს, კორუფციას და ფულს ემსახურება - ეგეთი პარტია არავის არ სჭირდება, სანაგვეზეა გადასაგდები. ბოლო 9 წლის განმავლობაში კარგი რაც გაკეთებულა ეს ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ. ეს ჩვენი მიღწევები, რომელიც ყველას გვეკუთვნის - ოცნების ზოგიერთი შეშლილი ბოსისგან დღეს ჩვენ უნდა გადავარჩინოთ, რომ არ დაგვაბრუნონ იმ ნაცურ სიბნელეში და წარსულში. ამიტომ, ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და არავის - არც ერთს და არც მეორეს არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ერთპიროვნულად მართონ ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა ყველასია!“- ამბობს გახარია.

გახარიამ პარტიის მიერ კანდიდატებად წარდგენილ პირებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა რომ ისინი კეთილსინდისიერი ადამიანები არიან. ხოლო თუ რამე შეეშლებათ - მაშინ სხვამ, უკეთესმა და უფრო უნარიანმა უნდა გააკეთოს იგივე.

„რა უნდა გაკეთდეს - სკოლა აშენდეს, გზა იყოს გაყვანილი, საავადმყოფო აშენდეს, ბაღი აშენდეს თუ წყალგაყვანილობა იყოს მოწესრიგებული - ეს აქ არის გადასაწყვეტი და არა კაბინეტებში - თითოეულ სოფელში იგივე არის გასაკეთებელი. იცოდეთ, რომ ეს ხალხი, ვინც ჩვენ დღეს წარვადგინეთ -კეთილსინდისიერი ხალხია. რამე თუ შეეშლებათ, პირველი პასუხს მოვთხოვთ ჩვენ, მეც და თქვენც. იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა -იმიტომ წარვადგინეთ წინ, ჩვენი სახელი იმიტომ დავარქვით და იმიტომ ვთქვით, რომ ესენი იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები, რომ მათი გვჯერა. რამე თუ შეეშლებათ - უნდა გამოვცვალოთ. უკეთესზე უკეთესი არ დაილევა. მთავარია, რომ საუკეთესო ხალხს მივცეთ შესაძლებლობა ქვეყანას ემსახურონ“, - განაცხადა გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მხარდამჭერებს ემოციურად დაემშვიდობა. ,,მადლობა მინდა გითხრათ გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის და იცოდეთ - ღირსება არ უნდა დაგვავიწყდეს! უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ კაცობას და ღირსებას ფასი არა აქვს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვემსახუროთ, რითიც უნდა ვიცხოვროთ და დანარჩენებმა თავის გზას მიხედონ. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ისე, როგორც ჩვენ შეგვეფერება. მადლობა! მიყვარხართ და გაფასებთ ყველას!“, - მიმართა გახარიამ მხარდამჭერებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა