ამირან გამყრელიძე - ვემხრობი, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის, კერძოდ, სამედიცინო პერსონალისთვის და პედაგოგებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა უნდა იყოს სავალდებულო

ჯერჯერობით ნებაყოფლობითია კოვიდის საწინააღმდეგო აცრები - ჩემი პირადი პოზიციაა, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა, უნდა იყოს სავალდებულო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, იგი ემხრობა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო გახდეს, როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე პედაგოგებისთვის.

მისი რეკომენდაციაა, აიცრან მშობლები იმისათვის, რომ ბავშვები დაინფიცირებისგან სრულად იყვნენ დაცულები.

„ჯერჯერობით ნებაყოფილობითია კოვიდი საწინააღმდეგო აცრები. სავალდებულო ჩვენთან გახლავთ წითელას და ბეჰეპატიტის აცრა ჩემი კოლეგებისთვის, ანუ სამედიცინო პერსონალისთვის, ეს დადგენილია შესაბამისი რეგულაციებით, მაგრამ მე რამდენჯერმე ჩემი პირადი პოზიცია გავამჟღავნე, რა თქმა უნდა, ვემხრობი, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა უნდა იყოს სავალდებულო. კერძოდ, ორ ჯგუფისთვის: ესენი არიან სამედიცინო პერსონალი, თუმცა, დღეს ექიმებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს აცრის, - 78% ერთჯერადით და 70% ორჯერადით, მაგრამ სხვა სამედიცინო პერსონალში ექთნებში, უმცროს სამედიცინო პერსონალში, ადმინისტრაციულ პერსონალში, შედარებით დაბალია. მოგეხსენებათ, სამედიცინო დაწესებულებები პირველი ფრონტის ხაზია, ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ აცრილი.

მეორე, რა თქმა უნდა, პედაგოგები: პირველ რიგში საშუალო სკოლების პედაგოგები, რამეთუ მათ საქმე აქვთ ჩვენს მომავალთან. სასურველია, რომ ისინი იყვნენ აცრილები. სერიოზულად აიწია აცრის მაჩვენებელმა პედაგოგებში, გვაქვს 63% მასწავლებლებში და 60%-მდე ადმინისტრაციულ პერსონალში ერთჯერადი აცრებით, ხოლო ორჯერადით - 52%-ია მასწავლებლებში. უსაფრთხო სკოლის კონცეფციისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი იყოს აცრილი. ასევე იყოს გზავნილები მშობლებისთვის, ჩვენ თუ გვინდა, რომ სრულად უსაფრთხო სკოლა გვქონდეს და ბავშვები ნაკლები რისკის ქვეშ დავაყენოთ, აუცილებელია მშობლები, ოჯახის სხვა წევრები იყვნენ აცრილები, ისევე როგორც მასწავლებლები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომ დღეს შეიტანეს კანონპროექტი, ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი, გამყრელიძემ აღნიშნა:

„კანონპროექტთან დაკავშირებით მე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს. მხარს ვუჭერ ამ ორი ჯგუფის სავალდებულო აცრას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს