ნათია მეზვრიშვილი - ხვალ უნდა დავასრულოთ ეს ცირკი, რომელზეც პასუხისმგებელია რევანშისტულად შეპყრობილი „ნაცმოძრაობა“ და უსუსური და შეშინებული „ოცნება“

ხვალ, 2 ოქტომბერს, არჩევნებზე ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ცირკი, რომელზეც პასუხისმგებელია რევანშისტულად შეპყრობილი „ნაციონალური მოძრაობა“ და უსუსური და შეშინებული „ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ ძალას და მთავარ ოპოზიციურ პარტიას არ აინტერესებთ ხალხი და ქვეყანა.

„ეს ორივე პოლიტიკური გაერთიანება ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ „ოცნებას“ არ აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების თავი, სწორედ ამას ვგულისხმობთ. დღეს ორივე ძალა ერთმანეთს კვებავს და მათი ინტერესია ქვეყნის წარსულში დაბრუნება, დაპირისპირება და ქაოსი. ხვალ აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ არჩევანი საქართველოსთვის“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ და მისი მხარდამჭერები ხელისუფლების მხრიდან მძიმე ზეწოლისა და დევნის მსხვერპლი არიან.

„საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით სისტემური დევნის, მუქარის, ზეწოლისა და ცილისწამების წინასწარ დაგეგმილი კამპანიის პირობებში და სამთავრობო მედიასაშუალებებზე ყოველგვარი წვდომის გარეშე. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება დაიწყო, რამაც მოგვიანებით უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. ძალოვანი უწყებების მეშვეობით, ეს ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მხარდამჭერებს და ჩვენი პარტიის წევრებს ემუქრებოდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურებით, სოციალური დახმარების შეჩერებით და ბიზნესზე ზეწოლით. "ოცნება" არ მორიდებია ჩვენი მხარდამჭერისთვის, აკაკი ბართაიასთვის იარაღის ჩადებას და სისტემურმა დევნამ, რომელსაც „ოცნება“ ახორციელებდა, ჩვენ მიგვიყვანა ცაგერში, სადაც ჩვენი კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის მანქანა დაცხრილეს. დევნა და ზეწოლა არ ყოფილა ერთეულ შემთხვევებში, ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ 150-მდე ფაქტი გვაქვს მიწოდებული პროკურატურისთვის.

მივმართავ პროკურატურას, ნება იბოძეთ და თითოეული ეს ფაქტი სისტემურად გამოიძიეთ და გაარკვიეთ დაზარალებულთა დუმილის უკან რა დგას. საზოგადოებას ასევე შევახსენებ, რომ პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია პარტიის ლიდერის მიმართ უმძიმეს ბრალდებაზე, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაზე ვსაუბრობთ. პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია ნარკოტიკებთან დაკავშირებულ მთელ რიგ უსაფუძვლო ბრალდებებზე“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სავარაუდო ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

„არ მესმის რას ნიშნავს „მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია“. სახელმწიფო სად არის? დილის შემდეგ რამდენიმე საათია გასული და ჩვენ ვხედავთ „ოცნების“ ე.წ. ლიდერები არ გამოსულან და პასუხისმგებლიანი განცხადება არ გაუკეთებიათ. ძალოვანი უწყებები სად არიან? შეიძლება, რომ ამდენი საათი გავიდა სააკაშვილის მხრიდან ამ განცხადების გავრცელებიდან და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მკითხაობით არიან დაკავებული. ნება იბოძონ, გამოვიდნენ და დაასრულონ ეს ქაოსი“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს